ჯეროვანი სიზუსტის დაცვა
მაუწყებელი ვალდებულია, გადაამოწმოს ფაქტები და არ შეიყვანოს მაყურებელი შეცდომაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთერში დაიშვება ფაქტობრივი შეცდომა, მედიასაშუალებამ ის აუცილებლად უნდა გამოასწოროს და შეცდომის შესახებ მომდევნო გამოშვებაში აცნობოს მაყურებელს. სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდებისას ჟურნალისტებმა უნდა მიუთითონ წყარო და განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდნონ ინფორმაციას, რომელიც ჯანდცვას, დანაშაულსა და ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება.
ასევე, მაუწყებელმა მაყურებლის შეცდომაში შეყვანისაგან დაზღვევის მიზნით, თავი უნდა აარიდოს ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში მომხდარის ინსცენირებასა და დადგმული კადრების გამოყენებას. ანდაც, უნდა აღნიშნოს, რომ კადრები რეკონსტრუქციას წარმოადგენს.
მაუწყებელმა ასევე არ უნდა დაამახინჯოს ციტატა ან კომენტარი, რომელსაც რესპონდენტები ეტყვიან.