Mediacouncil.ge-ს პრეზენტაცია ფოთში

23 სექტემბერი 2016

21 სექტემბერს, ფოთში, ადგილობრივი მოსახლეობისათვის რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წევრი ტელევიზიების გაერთიანებული საიტის, mediacouncil.ge-ს პრეზენტაცია შედგა. საიტი 21 რეგიონული მაუწყებლის თვითრეგულირების საბჭოების აქტივობებს ეხება, პრეტენზიის შემთხვევაში კი მაყურებელს მისი საშუალებით მარტივად შეუძლია, ნებისმიერი ტელევიზიის თვითრეგულირების საბჭოში სარჩელის შეტანა.

თვითრეგულირების მექანიზმების ვალდებულება რეგიონულ მაუწყებლებს კანონის თანახმად, 2010 წლიდან აქვთ. მისი ძირითადი მიზანია, განიხილოს და გამოიტანოს მიუკერძოებელი გადაწყვეტილება კონკრეტულ სატელევიზიო მასალაზე, რომელზეც მაყურებელი საბჭოს საჩივრის საშუალებით მიმართავს.

მაუწყებლებში თვითრეგულირების მექანიზმები სუსტად მუშაობს. სწორედ მათი გაძლიერების მიზნით, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ DW-Academie-ს დახმარებით, დაიწყო პროექტი რეგიონულ მაუწყებლებში თვითრეგულირების მექანიზმის გასაძლიერებლად.

შეხვედრა ფოთში დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ფოთის „მეცხრე ტალღის“ დირექტორმა მოქალაქეებისათვის საინტერესო და აქტუალურ ყველა კითხვას გასცა პასუხი.