რატომ თვითრეგულირება? - შეხვედრა ბორჯომის მოსახლეობასთან

28 ივნისი 2016

22 მაისს, ტელეკომპანია „ბორჯომის“ შეხვედრების დარბაზში, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის ძირითადი მიზანი  ადგილობრივებისათვის ლოკალურ ტელევიზიებში არსებული თვითრეგულირების მექანიზმებისა და მათი გაძლიერების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.

თვითრეგულირების მექანიზმების ვალდებულება რეგიონულ მაუწყებლებს კანონის თანახმად, 2010 წლიდან აქვთ. მისი ძირითადი მიზანია, განიხილოს და გამოიტანოს მიუკერძოებელი გადაწყვეტილება კონკრეტულ სატელევიზიო მასალაზე, რომელზეც მაყურებელი საბჭოს საჩივრის საშუალებით მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ დღემდე მაუწყებლებში თვითრეგულირების მექანიზმები სუსტად მუშაობს. სწორედ მათი გაძლიერების მიზნით, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ DW-Academie-ს დახმარებით, დაიწყო პროექტი რეგიონულ მაუწყებლებში თვითრეგულირების მექანიზმის გასაძლიერებლად.

ბორჯომში გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. დამსწრე საზოგადოებამ თემის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა და პროექტში აქტიური ჩართვის სურვილიც გამოთქვა.

მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კვლავ იგეგმება.