როგორ ვუჩივლოთ ტელევიზიას - შეხვედრა ოზურგეთში

23 სექტემბერი 2016

20 სექტემბერს, ტელეკომპანია „გურიის“ ორგანიზებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ძირითადი მიზანი, მოქალაქეებისათვის ტელეკომპანიაში არსებული თვითრეგულირების საბჭოს მუშაობის პრინციპებისა და mediacouncil.ge-ს შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.

თვითრეგულირების მექანიზმების ვალდებულება რეგიონულ მაუწყებლებს კანონის თანახმად, 2010 წლიდან აქვთ. მისი ძირითადი მიზანია, განიხილოს და გამოიტანოს მიუკერძოებელი გადაწყვეტილება კონკრეტულ სატელევიზიო მასალაზე, რომელზეც მაყურებელი საბჭოს საჩივრის საშუალებით მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ დღემდე მაუწყებლებში თვითრეგულირების მექანიზმები სუსტად მუშაობს. სწორედ მათი გაძლიერების მიზნით, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ DW-Academie-ს დახმარებით, დაიწყო პროექტი რეგიონულ მაუწყებლებში თვითრეგულირების მექანიზმის გასაძლიერებლად.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა საიტი mediacouncil.ge, რომლის მოქნილი სისტემაც მაუწყებლისათვის მარტივად მიმართვის საშუალებას იძლევა.  

ოზურგეთში გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. დამსწრე საზოგადოებამ თემის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა და პროექტში აქტიური ჩართვის სურვილიც გამოთქვა.

მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კვლავ იგეგმება.