“ტვ 25”-სა და “გურჯაანის ტვ”-ს თვითრეგულირების საბჭოების გადაწყვეტილება, ტელეკომპანიების ეთერში გასული რეპორტაჟების შესახებ “აგროგილდიის” განცხადების თაობაზე

14 თებერვალი 2019

4 თებერვალი 2019 წელი

განხილვაში მონაწილეობდა ტვ 25-სა და გურჯაანის ტვ – ს თვითრეგულირების საბჭოების წარმომადგენლები და ჟურნალისტები, სულხან მესხიძე, ვეკო იაშვილი, ეკა თეთრაძე. აგროგილდია წარმოდგენილი იყო “აგრო სიახლეების” რედაქტორისა და წამყვანის – გიგა აბულაძის სახით.

აღწერილობითი ნაწილი:

1 თებერვალს ტელეკომპანია 25 არხმა მოამზადა რეპორტაჟი, რომელშიც საუბარი იყო 2020 წლის 1 იანვრიდან ასამოქმედებელ რეგულაციებზე სურსათის მწარმოებელი საოჯახო მეურნეობების ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნულ რეპორტაჟში ტელეკომპანიამ წამყვანის მიერ სიუჟეტის შემყვან ტექსტში ფაქტად გადასცა, რომ აღნიშნული რეგულაციის ამოქმედების შემდეგ მწარმოებლებს გარკვეული საფასური დაეკისრებოდათ. რეალურად, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოება  200 000 ლარამდე თავისუფალია გადასახადებისგან, შესაბამისად წყაროს გარეშე აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება სადავოს ხდის  ჯეროვანი სიზუსტის პრინციპის დარღვევას.

ტელეკომპანია გურჯაანმა მოამზადა რეპორტაჟი, რომელშიც საუბარი იყო 2020 წლის 1 იანვრიდან ასამოქმედებელ რეგულაციებზე სურსათის მწარმოებელი საოჯახო მეურნეობების ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნულ რეპორტაჟში ჟურნალისტი საუბრობდა, რომ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ რეგისტრირებულ ბიზნეს ოპერატორს გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევდათ, არადა აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოება  200 000 ლარამდე თავისუფალია გადასახადებისგან, ჟურნალისტი ასევე აღნიშნავდა, რომ რეგულაცია მხოლოდ 2 ან მეტი პირუტყვის მფლობელს შეეხებოდა, რაც არაზუსტია, რადგან რეგულაცია ეხება ყველას, ვისაც სურსათის რეალიზება სურს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ინფორმაციის მსგავსი სახით გავრცელება სადავოს ხდის ჯეროვანი სიზუსტის პრინციპის დარღვევას.

განხილვისას მონაწილე მხარეები დაეთანხმნენ , რომ გაშუქებით დაირღვა ჯეროვანი სიზუსტის მუხლი.

გადაწყვეტილება:

ტვ 25-ისა და “გურჯაანის” თვითრეგულირების საბჭოების გადაწყვეტილებით 4 თებერვალს არხების საინფორმაციო პროგრამებში მაყურებელს მიეწოდება ინფორმაცია, რომ გადაცემული ინფორმაცია მოკლებული იყო სიზუსტეს. ორივე ტელეკომპანია ,,აგროგილდიასთან“ ერთად განაგრძობს საკითხის მოკვლევას და თანმიმდევრულ სიღრმირეულ გაშუქებას.