თვითრეგულირების პრინციპი მედიაში - შეხვედრა გორის მოსახლეობასთან

24 ოქტომბერი 2016

ტელეკომპანია „დიას“ მენეჯმენტმა და თანამშრომლებმა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივ სამთავრობო, არასამთავრობო და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს ტელეკომპანიაში ჩამოყალიბებული თვითრეგულირების საბჭოს მუშაობის პრინციპებისა და mediacouncil.ge-ს შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.

დაინტერესებულ მოქალაქეებს, უკვე აქვთ საშუალება „დიას“ ეთერში გასულ გადაცემებსა თუ სიუჟეტებთან დაკავშირებით, კონკრეტული, საფუძვლიანი უკმაყოფილების შემთხვევაში, mediacouncil-ის დახმარებით, მარტივად მიმართონ საჩივრით თვითრეგულირების საბჭოს, რომელიც პრეტენზიას განიხილავს და გადაწყვეტილებას გამოიტანს.

მაუწყებლისადმი მიმართვის პროცედურის კიდევ უფრო მეტად გამარტივებისა და თვითრეგულირების გაძლიერების  მიზნით, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ DW Akademie-ს დახმარებით, დაიწყო პროექტი რეგიონულ მაუწყებლებში, რომლის ფარგლებშიც შექმნილია  საიტი mediacouncil.ge. საიტის მოქნილი სისტემა მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად, ინტერნეტის საშუალებით შეიტანოს საჩივარი კონკრეტულ მაუწყებელში.

თვითრეგულირების მექანიზმების ვალდებულება რეგიონულ მაუწყებლებს, კანონის თანახმად, 2010 წლიდან აქვთ. მსგავსი ტიპის შეხვედრები სხვა რეგიონებშიც იგეგმება.