"ეროვნული ფორუმი" ტელეკომპანია "ოდიშის" წინააღმდეგ

02 ნოემბერი 2016

ეროვნული ფორუმი ტელეკომპანია „ოდიშის“ წინააღმდეგ

აღწერილობითი ნაწილი

29 სექტემბერს, ტელეკომპანია „ოდიშის“ გენერალურ დირექტორს, ოფიციალური წერილით მიმართა „ეროვნული ფორუმის“ აღმასრულებელმა მდივანმა. წერილში გოჩა ჯაბიძე წერდა, რომ მაუწყებელმა დაარღვია საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც საერთო მაუწყებელს ავალდებულებს, კვალიფიციურ სუბიექტებს დრო თანაბრად დაუთმოს.

საქმე ეხებოდა ტელეკომპანია „ოდიშის“ მიერ 29 სექტემბერს გამართულ დებატებს. გადაცემის ფორმატი ითვალისწინებდა, კვალიფიციურ სუბიექტების მაჟორიტარობის კანდიდატთა  შორის დებატებს. „ეროვნულმა ფორუმმა“ არხს დებატებში პარტიის ლიდერის, კახა შარტავას მონაწილეობა შესთავაზა, თუმცა გადაცემის მკაცრად გაწერილი ფორმატი მასში მონაწილეობის ნებას, სუბიექტებიდან მხოლოდ კანდიდატებს რთავდა და არა პარტიის სხვა წევრებს.

მომჩივანი წერილში აღნიშნავდა, რომ წინასაარჩევნო პოლიტიკურ დებატებში ტელევიზიის მხრიდან უარის თქმა, კოდექსის შესაბამისი მუხლის დარღვევასთან ერთად, ამავე კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილსაც არღვევდა, რომელიც წინასაარჩევნო აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასა და ინფორმაციის გადაცემასთან, ან გამოქვეყნებასთან იყო დაკავშირებული. არგუმენტის თანახმად, მსგავსი სახის გადაცდომა  „ოდიშის“ 1500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევდა. „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი წერდა, რომ დარღვევის შესახებ აცნობებდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც შესაბამის ზომებს მიიღებდა.

 

განხილვის ნაწილი

პრეტენზიის განხილვა მოხდა „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-6-წე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-5-ე მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, პაატა მანჯგალაძე მიიჩნევა დაინტერესებულ პირად, რომელსაც სურვილის შემთხვევაში შეეძლო, მიემართა საბჭოსთვის სარჩელით.

საბჭო 18 ოქტომბერს შეიკრიბა და საკითხზე იმსჯელა.  ის დაეთანხმა განმცხადებელს იმაში, რომ წინასაარჩევნო დებატები მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად, ყველა საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით უნდა გადასცეს. თუმცა წევრთა შეფასებით, საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად:

საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს.“

აქედან გამომდინარე, საბჭოს აზრით, მაუწყებელს არ დაურღვევია კანონი, ვინაიდან ეთერში მომზადდა და გადაიცა დებატები ქალაქ ზუგდიდისა და მისი რაიონის მაჟორიტარობის, მუნიციპალიტეტისა და ქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატებს შორის.

ვინაიდან „ეროვნულ ფორუმს“ არ ჰყავდა ზემოთ ნახსენებ არც ერთ კატეგორიაში წამოყენებული კანდიდატი ზუგდიდში, პარტიის წარმომადგენელმა ვერ მიიღო დებატებში მონაწილეობა. რაც შეეხება მისთვის ცალკე ეთერის დათმობას, მაუწყებელს არ ჰქონია დებატები პარტიულ ლიდერებს შორის, შესაბამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ მხოლოდ კახა შარტავას მოწვევა სხვა პარტიებსა და ლიდერებს ჩააყენებდა დისკრიმინაციულ გარემოში.

 

დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტელეკომპანია „ოდიშის“ თვითრეგულირების საბჭომ გადაწყვიტა, რომ მაუწყებელს არ დაურღვევია არც საქართველოს საარჩევნო კოდექსის 52-ე მუხლის მეპრე ნაწილი და ამავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან „ოდიშის“ ეთერში განთავსებული იყო პარტიის როგორც ფასიანი, ასევე უფასო პოლიტიკური რეკლამა.