გიორგი ღვინიაშვილი TV "გურჯაანის" წინააღმდეგ

02 ნოემბერი 2016

აღწერილობითი   ნაწილი

19 ოქტომბერს,   ტელეკომპანია   ,,გურჯაანის“   თვითრეგულირების საბჭომ,   საკუთარი    ინიციატივით  განიხილა ,,ნაციონალური  მოძრაობის“ გურჯაანის   მაჟორიტარი    დეპუტატობის    კანდიდატის, გიორგი    ღვინიაშვილის პრეტენზია. ამ უკანასკნელმა ტელეკომპანია   ,,გურჯაანი“   მიკერძოებაში   დაადანაშაულა და აღნიშნა,  რომ ტელეკომპანია  ,,გურჯაანმა,  2016 წლის 23 სექტემბერს გამართულ  სატელევიზიო დებატებში, დაარღვია მაუწყებელთა   ქცევის კოდექსის VI თავის (საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემა  და   არჩევნების გაშუქება) 23-ე მუხლის მე-2-ე    პუნქტი, სადაც აღნიშნულია, რომ:

 კერძო  მაუწყებლობის   ლიცენზიის   მფლობელი, რომელიც   ახორციელებს საერთო მაუწყებლობას  და   აშუქებს   არჩევნებს   ვალდებულია, კვალიფიციურ საარჩევნო   სუბიექტებსა  და მათ  კანდიდატებს თანაბარად დაუთმოს საეთერო დრო ისე, რომ მათ შეძლონ ამომრჩევლის ინფორმირება   საკუთარი პოლიტიკური პროგრამის, პოზიციების და კვალიფიციურობის შესახებ.

მომჩივანის თქმით, არხმა ასევე დაარღვია საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის (წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა) მეორე ქვეპუნქტი, რომელიც ამბობს:

საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

 

 

განმცხადებლის    არგუმენტაცია:

 ,, ნაციონალური  მოძრაობის „ წევრის  არგუმენტაციით,   ტელეკომპანია   ,,გურჯაანმა“   დაარღვია   სამართლიანობის   პრინციპი   და   ტელედებატებში   ბოლო   სიტყვის   თქმის    საშუალება   მისცა   ,,ქართულ   ოცნებას“ , რითაც  დაირღვა მაუწყებელთა   ქცევის კოდექსის VI თავის (საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემა  და   არჩევნების გაშუქება) 23-ე მუხლის მე-2-ე    პუნქტი, რომელიც არჩევნების თანაბარ პირობებში გაშუქებას ეხება.  და ასევე საარჩევნო კოდექსის 51-ე თავი, რომელიც მედიის მიერ არჩევნების გაშუქებას ეხება.

 

 

კომისიის გადაწყვეტილება

ტელეკომპანია  ,,გურჯაანის“ ეთერში    ტელედებატები, რეგიონულ მაუწყებელთა   ასოციაციის  ორგანიზებით  ჩატარდა, რომელსაც მხარს  უჭერდა  საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. გადაცემის   ფორმატის  მიხედვით, მასში  მონაწილეობდნენ  მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.  რიგითობა  და  გადაცემის   სხვადასხვა  ბლოკში მათი გადანაწილება თბილისში ჩატარებული წილისყრის შედეგად განისაზღვრა, რომელშიც ცხრავე კვალიფიციური სუბიექტის  წარმომადგენლები   მონაწილეობდნენ. წილისყრის შედეგად, ერთიანი  „ნაციონალური მოძრაობა“ ცხრა პარტიას შორის მერვე აღმოჩნდა, ხოლო „ქართული ოცნება“ - მეცხრე. შესაბამისად, ტელეკომპანია „გურჯაანმა,“თბილისში დადგენილი რიგითობის მიხედვით მისცა კანდიდატებს სიტყვა.

 ყოველივე  ზემოთაღნიშნულიდან  გამომდინარე  კომისიამ  მიიღო  გადაწყვეტილება, რომ  ტელეკომპანია ,,გურჯაანს“  არ დაურღვევია  არც მაუწყებელთა ქცევის კოდექსის VI თავის 23-ე მუხლის მე-2-ე და მე-3-ე ქვეპუნქტები და არც საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლი. მაუწყებელს ასევე  არ ჩაუყენებია   ,,ნაციონალური   მოძრაობის“ კანდიდატი   არათანაბარ   პირობებში სხვებთან შედარებით და ტელეკომპანია   ,,გურჯაანმა“  მას   ადეკვატური  დრო    დაუთმო   იმისათვის, რომ  საარჩევნო  პროგრამა და  მიზნები გაეცნო   მაყურებლისთვის.