ხშირად დასმული 3 კითხვა წინასაარჩევნოდ

31 ოქტომბერი 2016

-       ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც კვალიფიციური სუბიექტია, გამოთქვამს პრეტენზიას, რომ ჩვენ არ ვაშუქებთ მათ შეხვედრებს ამომრჩევლებთან ქალაქის სხვადასხვა უბანში. რამდენად საფუძვლიანია მათი პრეტენზია? ვალდებულნი ვართ, ყველა საუბნო შეხვედრა გავაშუქოთ?

-       მაუწყებელი დამოუკიდებელია თავის სარედაქციო გადაწყვეტილებაში, ჟურნალისტური სტანდარტებით კი ცალკეულ მოვლენას უნდა ჰქონდეს არგუმენტირებული საფუძველი, რაც მას გაშუქების საგნად აქცევს. მთავარია უპასუხოთ კითხვას - რამდენად აქვს საინფორმაციო ღირებულება ამა თუ იმ წინასაარჩვენო შეხვედრას. ხშირ შემთხვევაში რეპორტაჟები, რომლებიც ამგვარ შეხვედრებს ასახავენ, ზედაპირულია და საინფორმაციო თვალსაზრისით - უინტერესო. ქცევის კოდექსი, ისევე როგორც საარჩევნო კოდექსი, ამბობს, რომ კერძო მაუწყებელი, რომელიც ახორციელებს საერთო მაუწყებლობას და აშუქებს არჩევნებს ვალდებულია, კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებსა და მათ კანდიდატებს თანაბრად დაუთმოს საეტერო დრო, ისე, რომ მათ შეძლოს ამომრჩველის ინფორმირება საკუთარი პოლიტიკური პროგრამის, პოზიციების და კვალიფიციურობის შესახებ. ამასთან, თანაბრობა არ გულისხმობს ზუსტი დროით თანაბრობას, არამედ უფრო მნიშვნელოვანია შინაარსობრივი თანაბრობის მიღწევა. შესაბამისად, მაუწყებელს არ აქვს ვალდებულება გააშუქოს ყველა შეხვედრა, რომელსაც კი ესა თუ ის კვალიფიციური საარჩვენო სუბიექტი წინასაარჩევნოდ ატარებს, თუმცა ამასთან თითოეული ამგვარი აქტივობა უნდა იყოს სარედაქციო მსჯელობის საგანი - რამდენად საჭიროა მათი გაშუქება ამომრჩეველთა სათანადო ინფორმირებისთვის. 

-       ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი არ არის, ითხოვს წინასაარჩევნო დებატებში მონაწილებას. დებატების ფორმატი ჩვენ წინასწარ განვსაზღვრეთ და კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს ვიწვევთ. არხის შესაძლებლობები შეუძლებელია გაწვდეს არაკვალიფიცურ სუბიექტებს ანაბრად, რადგან ასეთ სუბიექტთა რაოდენობა ბევრია. ჩვენ საინფორმაციო პროგრამებში ვცდილობთ ავსახოთ მათი აქტივობებიც. ვარღვევთ რამეს, როცა მათ დროს სადებატო პროგრამაში არ ვუთმობთ?

-       როგორც ქცევის კოდექსი, ისე საარჩვენო კოდექსი ითხოვს კვალიფიციურ საარჩვენო სუბიექტთა თანაბარ გაშუქებას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ე.წ. არაკვალიფიცური საარჩვენო სუბიექტები მედიის მიერ არ შუქდებოდეს. ქცევის კოდექსში პირდაპირ არის მითითებული, რომ მაუწყებლი,,ასევე უნდა აშუქებდეს იმ პოლიტიკური პარტიების საქმიანობასაც, რომლებიც მონაწილებენ არჩევნებში, უნდა აძლევდეს მათ შესაძლებლობას გააკეთონ კომენტარი. რა ფორმით უზრუნველყოფს აღნიშნულს მაუწყებელი, ეს თავად არხის და რედაქციის გადასაწყვეტია. რახან თქვენი არხის მიერ წინსწარ იყო დეკლარირებული და გამჭვირვალე - ვის ეთმობოდა სადებატო სივრცე და ამასთან მაუწყებელი ახერხებს არაკვალიფიციური სუბიექტების გაშუქებასაც საინფორმაციო პროგრამებში, პრეტენზია თქვენი არხის მიმართ პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან უსაფუძვლოა.

-       მაქვს თუ არა უფლება დავრჩე ტელევიზიის ჟურნალისტად და თან დროებით, შეთავსებით ვიმუშავო ერთ-ერთი დეპუტატობს კანდიდატის PR სამსახურში.

- ქცევის კოდექსი ცალსახად ამბობს, რომ მაუწყებლის მთავარი ფუქნციაა ,,ზუსტი, მიუკერძოებელი და სამართლიანი გაშუქება”, რაც შეუძლებელი იქნება თუ პირი ერთდროულად მედიის წარმომადგენელია და თან პოლიტიკური სუბიექტის PR საქმიანობით არის დაკავებული. ეს ცხადი ინტერესთა კონფლიქტია, რაც ეწინააღმდეგება როგორც ეთიკურ სტანდარტებს, ისე კანონის სულისკვეთებას.