მოუწესრიგებელი სასკოლო სტადიონები - არაფორმალური საჩივარი ტელეკომპანია „ბორჯომში“

22 ივლისი 2016

ტელეკომპანია „ბორჯომის“ ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში „დღის ქრონიკა“ 2016 წლის 3 მაისს  გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით „სპორტული მოედნის რამდენიმეწლიანი პრობლემა ახალუბანში.“

სიუჟეტში საუბარი იყო ბორჯომის #4 საჯარო სკოლის საფეხბურთო მოედანზე არსებულ პრობლემებსა და მოსაწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე. მოედნით უკვე რამდენიმე წელია ვერც საჯარო სკოლის მოსწავლეები და ვერც ამ უბანში მცხოვრები ახალგაზრდები სარგებლობენ. ადგილობრივები აღნიშნავდნენ, რომ მოედანს ბოლოს რეაბილიტაცია 2012 წელს ჩაუტარდა, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, რის გამოც მალევე დაუბრუნდა ძველ მდგომარეობას. სიუჟეტში ჩაწერილი რესპონდენტები ხელმოწერების შეგროვებასა და პასუხისმგებელი პირებისათვის მის წარდგენას გეგმავდნენ.

სიუჟეტში ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ ტელეკომპანია „ბორჯომმა“ აღნიშნულ მოედანსა და არსებულ პრობელმაზე მასალა 2014 წლის შემოდგომაზეც მოამზადა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ინტერვიუში ამბობს, რომ შესაძლოა პრობლემის აღმოფხვრა მათ არ ეხებათ, თუმცა მოძებნიან სახსრებს სტადიონის მოსაწესრიგებლად.

ახალ სიუჟეტში ჟურნალისტმა, ადგილობრივებისა და მოსწავლეთა პრეტენზიების გარდა, ჩაწერა ბორჯომის გამგებლის მოადგილე, რომელიც ამბობდა, რომ მოედნის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 2016 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

ჟურნალისტი ასევე საუბრობს სხვა სკოლებზე, რომლებსაც სტადიონების პრობლემა აქვს. ხელისუფლების წარმომადგენელი კომენტარში ამბობს, რომ იმ მოედნების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თანხები იქნება გამოძებნილი. რესპონდენტის თქმით, საჯარო სკოლების კუთვნილი მოედნები პირდაპირ არის მიბმული განათლების სამინისტროზე და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მათი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მხოლოდ კეთილი ნებაა.

სიუჟეტის ეთერში გასვლიდან, დაახლოებით, ერთ კვირაში, ტელეკომპანია „ბორჯომს“ ადგილობრივი განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი დაუკავშირდა და ჟურნალისტისა და ტელევიზიის მიმართ პრეტენზიები გამოთქვა. მისი არგუმენტების მიხედვით, ჟურნალისტი სკოლის დირექტორს უნდა დაკავშირებოდა და სიუჟეტიც ისე მომზადებულიყო, ვინაიდან მედიის წარმომადგენელს დირექციის თანხმობის გარეშე, საჯარო დაწესებულებაზე სიუჟეტის მომზადების უფლება არ ჰქონდა. მისივე არგუმენტის მიხედვით, სიუჟეტში არ ჩანდა სკოლის პოზიცია და მიიჩნევდა, რომ მოედნის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციას სკოლა გამგეობაზე უკეთ და დეტალურად გააჟღერებდა.

ტელეკომპანია „ბორჯომის“ თვითრეგულირების საბჭომ რესურსცენტრის წარმომადგენელს სთხოვა, მათთვის საჩივრით მიემართა, თუმცა უარი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ პრობლემის მოგვარების არაფორმალური ხერხი რეგიონულ მაუწყებლებში აპრობირებული მეთოდია. ტელეკომპანია „ბორჯომის“ დირექტორი, მარინა კუპატაძე, ინტერვიუში, რომელიც რეგიონულ მედიაში თვითრეგულირების მექანიზმთა ეფექტიანობის საკვლევად ჩატარდა ამბობს, რომ უკმაყოფილო მაყურებლები, ძირითადად, ტელეფონის საშუალებით ცდილობენ საკუთარი პრეტენზიის დაფიქსირებას. რაც შეეხებათ ჟურნალისტებს, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ მასალებში ბანლანსის დაცვას.

ტელეკომპანია „ბორჯომის“ დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დაცვა ჟურნალისტებს ხელშეკრულებაში აქვთ გაწერილი.

რეგიონულ მაუწყებლებში მიიჩნევენ, რომ თვითრეგულირების სისტემის არაოფიციალურიდან ოფიციალურ ფორმატში გადატანა მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამენ.