ნონა ქადაგიშვილი ტელეკომპანია "გურჯაანის" წინააღმდეგ

02 ნოემბერი 2016

აღწერილობითი   ნაწილი

      ტელეკომპანია   ,,გურჯაანის“   მომხმარებელთა    საჩივრების    განხილვის   კომისიას   განცხადებით   მომართა  ,,პაატა   ბურჭულაძე- სახელმწიფო    ხალხისთვის“  პიარმა , ნონა ქადაგიშვილმა , რომლის განცხადებით,    ტელეკომპანია  ,,გურჯაანმა,  2016 წლის 23 სექტემბერს გამართულ  სატელევიზიო დებატებში, დაარღვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის VI თავის (საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემა და არჩევნების გაშუქება) 23-ე მუხლის მე-2-ე და მე-3-ე პუნქტები, სადაც აღნიშნულია, რომ:

 2.კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ახორციელებს საერთო მაუწყებლობას და აშუქებს არჩევნებს ვალდებულია, კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებსა და მათ კანდიდატებს თანაბარად დაუთმოს საეთერო დრო ისე, რომ მათ შეძლონ ამომრჩევლის ინფორმირება საკუთარი პოლიტიკური პროგრამის, პოზიციების და კვალიფიციურობის შესახებ.

3.საარჩევნო კამპანიის დროს მაუწყებელი უნდა უზრუნველყოფდეს, არა

მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის კანონით გარანტირებული უფლებების რეალიზაციას, არამედ ასევე უნდა აშუქებდეს იმ პოლიტიკური პარტიების საქმიანობასაც, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში, უნდა აძლევდეს მათ შესაძლებლობას, გააკეთონ კომენტარი.

დებატებში, რომელიც  კვალიფიციური პარტიების დეპუტატებს შორის იმართებოდა, ვერ   მოხვდა,  პაატა  ბურჭულაძის  პარტიის  მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი   ხაზიური.  მომჩივანი, ნონა ქადაგიშვილი  მიიჩნევდა, რომ   მაყურებელს  არ   მიეცა    საშუალება    მოესმინა   ყველა  კანდიდატისთვის   და   ტელეეთერი თანაბრად არ  დაეთმო    ყველა   საარჩევნო სუბიექტს. აქედან გამომდინარე კი   ტელეკომპანიამ   ისინი  არათანაბარ    მდგომარეობაში   ჩააყენა.  

 

განმცხადებლის    არგუმენტაცია:

 ,,გურჯაანმა"  გადასცა  ეთერში   დებატები კვალიფიციური პარტიების დებუტატებთან, სადაც ჩვენი კანდიდატი ვერ მოხვდა, როგორც ტელეკომპანიაში აგვიხსნეს არ აპირებენ ,რომ გამართონ ცალკე დებატები არაკვალიფიციურ კანდიდატებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მაყურებელს არ ეძლევა საშუალება მოუსმინოს და გაეცნოს ყველა კანდიდატს , ასეთი შერჩევითი შერჩევა სტუმრების მიანიშნებს   იმაზე, რომ ტელეეთერი თანაბრად არ ეთმობა ყველა კანდიდატს და მათ არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს, რაც არ არის სწორი მიდგომა“. ნონა ქადაგიშვილის განცხადებით, ტელეკომპანია ,,გურჯაანი“ ვალდებული იყო არაკვალიფიციური  სუბიექტების   წარმომადგენლებისთვისაც  გაემართა  ცალკე  დებატები.

კომისიის    შეფასება

           ტელეკომპანია  ,,გურჯაანის“ ეთერში    ტელედებატები, რეგიონულ მაუწყებელთა   ასოციაციის  ორგანიზებით  ჩატარდა, რომელსაც მხარს  უჭერდა  საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. გადაცემის   ფორმატის  მიხედვით, მასში  მონაწილეობდნენ  მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.  რიგითობა და გადაცემის სხვადასხვა ბლოკში მათი გადანაწილება თბილისში ჩატარებული წილისყრის შედეგად განისაზღვრა, რომელშიც ცხრავე კვალიფიციური სუბიექტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. იმის  გამო რომ  გადაცემის ფორმატი   არ   ითვალისწინებდა  არაკვალიფიციური სუბიექტების  მონაწილეობას  ტელეკომპანია ,,გურჯაანი“  ტელედებატების  ფორმატს ვერ დაარღვევდა და ვერ მიიწვევდა  ამ  ფორმატში  ,,პაატა   ბურჭულაძე-სახელმწიფო  ხალხისთვის“ მაჟორიტარობის  კანდიდატს. იმის   გამო  რომ  არაკვალიფიციურმა სუბიექტებმა ამ ფორმატის  ტელედებატებში   მონაწილეობა  ვერ მიიღეს,  ისინი  არათანაბარ პირობებში რომ არ  ჩამდგარიყვნენ,  ტელეკომპანია ,,გურჯაანმა“ მათ ცალკე საეთერო დრო   დაუთმო. პირადად ,,პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ინტერვიუს სახით  საინფორმაციო გამოშვებაში   14  წუთი 43  წამი დაეთმო , რათა მას  საარჩევნო  პროგრამა  ამომწურავად  გაეცნო მაყურებლისთვის. ამას  გარდა, ტელეკომპანია ,,გურჯაანმა“  პარტიას  ,,პაატა ბურჭულაძე-სახელწმიფო ხალხისთვის“ ცალკე გადაცემა  მიუძღვნა 40   წუთი. ამ საეთერო  დროის გარდა, ტელეკომპანია ,,გურჯაანი“ აშუქებდა  კანდიდატის შეხვედრებს   ამომრჩეველთან  და სხვადასხვა  აქტივობებს   წინასაარჩევნო პერიოდში.  რაც შეეხება,  ცალკე დებატების  გამართვას  არაკვალიფიციურ სუბიექტებს   შორის, პარტია  ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხის“ კანდიდატის გარდა,  ასეთი  სურვილი   არცერთ  არაკვალიფიციურ  სუბიექტს  არ   გამოუთქვამს. მათ მხოლოდ  ისეთი  ფორმატის გადაცემაში მონაწილეობა  სურდათ, სადაც უშუალოდ ,,ნაციონალურ   მოძრაობას“ და   ,,ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდებოდნენ.  მათ  ცალკე  დროის დათმობა ერჩივნათ საინფორმაციო გამოშვებაში  ინტერვიუს   სახით, რაც  ტელეკომპანია ,,გურჯაანმა“ უზრუნველყო. ცალკე    ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმიწიფო  ხალხის“  კანდიდატისთვის კი  ტელედებატს ვერ მოაწყობდა.

 

დასკვნა

       ყოველივე  ზემოთაღნიშნულიდან  გამომდინარე  კომისიამ  მიიღო  გადაწყვეტილება, რომ  ტელეკომპანია ,,გურჯაანს“  არ დაურღვევია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის VI თავის 23-ე მუხლის მე-2-ე და მე-3-ე ქვეპუნქტები. მას არ ჩაუყენებია პოლიტიკური გაერთიანება „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო   ხალხისთვის“  მაჟორიტარობის  კანდიდატი, გიორგი   ხაზიური   არათანაბარ პირობებში და ტელეკომპანია ,,გურჯაანმა“  მას    საკმარისი დრო  დაუთმო  იმისათვის, რომ  საარჩევნო  პროგრამა და  მიზნები გაეცნო   მაყურებლისთვის.