საარჩევნო კოდექსის დარღვევა - სარჩელი ტელეკომპანია "ზარში"

31 ოქტომბერი 2016

აღწერილობითი ნაწილი

2016 წლის 21 სექტემბერს, ტელე-რადიო-პრესკომპანია „ზარის“ ეთერში დაგეგმილ წინასაარჩევნო დებატებიის შესახებ, პრეტენზია გამოთქვა პოლიტიკური გაერთიანება „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა სამტრედიაში, პაატა მანჯგალაძემ.  საქმე ეხებოდა გადაცემის ფორმატს, რომლის მიხედვითაც წინასაარჩევნო სატელევიზიო დებატების ფორმატის თანახმად, მასში მონაწილეობა მხოლოდ კვალიფიციური სუბიექტების მაჟორიტარობის კანდიდატებს უნდა მიეღოთ.

მანჯგალაძე მიიჩნევდა, რომ ტელევიზიის მხრიდან ადგილი ჰქონდა შერჩევითობას კანდიდატების მიმართ და მას, როგორც მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატს, არ ეთმობოდა ტრიბუნა მოსახლეობისათვის საკუთარი პროგრამისა და გეგმების გასაცნობად. მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 23-ე მუხლის დარღვევას, სადაც აღნიშნულია, რომ მაუწყებლები ვალდებულები არიან, თანაბარი დრო დაუთმონ კანდიდატებს. 

კონკრეტულ დებატებში ეთერის დათმობის მოთხოვნით მანჯგალაძემ ტელევიზიის წარმომადგენლებს რამდენჯერმე მიმართა, სადაც მას, პრეტენზიის ქონის შემთხვევაში, თვითრეგულირების ორგანოში სარჩელის შეტანისაკენ მოუწოდეს, თუმცა კანდიდატმა ტელევიზიისადმი წერილობით მიმართვაზე უარი განაცხადა. ტელე-რადიო-პრესკომპანია ზარმა აღნიშნული პრეტენზიის განხილვა თვითრეგულირების ორგანოში საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა.

 

 

სამოტივაციო ნაწილი

პრეტენზიის განხილვა მოხდა „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-6-წე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-5-ე მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, პაატა მანჯგალაძე მიიჩნევა დაინტერესებულ პირად, რომელსაც სურვილის შემთხვევაში შეეძლო, მიემართა საბჭოსთვის სარჩელით.

სატელევიზიო დებატები პოლიტიკური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის, ტელე-რადიო-პრესკომპანია „ზარის“ ეთერში, „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ პროექტის ფარგლებში დაიგეგმა, რომლის მიზანიც ყველა ტელევიზიაში თითო წინასაარჩევნო დებატის გამართვას წარმოადგენდა. პარტიათა და კანდიდატთა სიმრავლის გამო, გადაწყდა, რომ თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით, დებატებში მონაწილება მიეღოთ მხოლოდ კვალიფიციური სუბიექტების („ქართული ოცნება,“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ „ეროვნული ფორუმი,“ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი,“ „თავისუფალი დემოკრატები,“ „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა,“ „რესპუბლიკური პარტია,“ „ლეიბორისტული პარტია,“ „მრეწველები.“) მიერ წარდგენილ კანდიდატებს. შერჩევის პროცესში თავად მაუწყებლები არ მონაწილეობდნენ.

„ზარის“ ეთერში გადაცემა 21 სექტემბერს დაიგეგმა. ტელევიზიის თანამშრომლებმა, დებატებში მონაწილეობის შესახებ მოწვევა შეცდომით გაუგზავნეს არჩევნებში მონაწილე არაკვალიფიციურ სუბიექტს - ბლოკ „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელს. მოგვიანებით, შეცდომის გარკვევის შემდეგ, კვლავ დაუკავშირდნენ, აუხსნეს მდგომარეობა და ბოდიში მოიხადეს.

21 სექტემბერს, გადაცემის დღეს, ტელევიზიაში მოვიდნენ პარტიის ადგილობრივი შტაბის წარმომადგენლები, რომლებმაც პრეტენზია კიდევ ერთხელ გამოხატეს დებატების ფორმატისა და მასში მონაწილე სუბიექტების გამო და მაუწყებელი მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს. მათ განაცხადეს, რომ ტელევიზიის მიერ კანდიდატის სპეციალურად დაბლოკვას ჰქონდა ადგილი. პაატა მანჯგალაძემ იმის გასარკვევად, თუ რა ფორმატის იყო გადაცემა და ნამდვილად იყო თუ არა ფორმატი სხვების მიერ შერჩეული, დარეკა როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ახალი ამბების რედაქტორთან. მას დეტალურად განემარტა, თუ რატომ იქნენ შერჩეულები კონკრეტული დებატებისათვის კვალიფიციური სუბიექტები. რაც შეეხება მის მონაწილეობას, ტელევიზიის მიერ მოწყობილ სხვა დებატებში მისი მოწვევა ტელევიზიის პრეროგატივა იყო.

 მოგვიანებით, მანჯგალაძეს კიდევ ერთხელ განემარტა გადაცემის ფორმატი მაუწყებლის მხრიდან, რის შემდეგაც მან ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ პრეტენზია აღარ აქვს.

 

დასკვნა

არხს არ დაურღვევია არც მაუწყებელთა ქცევის კოდექსი და არც საარჩევნო კოდექსის არც ერთი ზემოთ აღნიშნული პუნქტი. ვინაიდან, კონკრეტული გადაცემის მომზადებისას ის სპეციალურად შერჩეული და გაცხადებული ფორმატით ხელმძღვანელობდა. ამასთან, დებატების გარდა, პერმანენტულად შუქდებოდა როგორც ბლოკ, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“ კანდიდატების, ასევე სხვა არაკვალიფიციური სუბიექტების წინასაარჩევნო აქტივობები.