TV 25-ის თვითრეგულირების ორგანოს სააპელაციო საბჭოს გადაწვეტილება

14 თებერვალი 2019

ირაკლი მამალაძის ადვოკატ ლალი აფციაურის მიმართვაზე

პროცედურის აღწერილობა:

ტელეკომპანიის დირექტორის სახელზე 2018 წლის 23 თებერვალს ელექტრონული ფოსტით მიღებულ იქნა ირაკლი მამალაძის ადვოკატ ლალი აფციაურის მიმართვა, გადაცემა ,,საზოგადოებრივი პოზიციის” შესახებ, სადაც მოწვეულნი იყვნენ რეზონანსული – ე.წ. ,,ციანიდის” საქმის მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე. მიმართვის ავტორი თვლიდა, რომ გადაცემით დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და ნორმები.

მიმართვა არ აკონკრეტებს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მუხლებს, რომელიც ავტორთა აზრით არის სადავო, წერილი მიღებულია  TV 25-ის თვითრეგულირების ორგანოს პროცედურული დარღვევით. თუმცა მიუხედავად ამ გარემოებისა, TV 25-ის გადაწყვეტილებით საკითხი განიხილა არხის თვითრეგულირების ორგანოს სააპელაციო საბჭომ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში შესული პარალელური განცხადების განხილვის პორცესში ჩართვით.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს შესაბამისი სხდომა ჩატარდა 27 მაისს, ქარტიის ოფისში, სხდომას მოდავე მხარის სახით, ესწრებოდა ირაკლი მამალაძე.

განმცხადებლის პოზიცია:

ქარტიის საბჭოზე გაკეთებული განცხადებების და მიღებული მიმართვის მიხედვით, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ TV 25-ის გადაცემის ,,საზოგადოებრივი პოზიცია” პროდიუსერისა და წამყვანის მიერ აუდიტორიას მიეწოდა ცრუ ინფორმაცია. კონკრეტულად კი – გადაცემის სტუმრებმა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა  ირაკლი მამალაძეს ბრალი დასდეს ,,აგენტ პროვოკატორობაში” და ასევე იცრუეს იმის თაობაზე, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს იარაღი, რომლის შეძენა შენახვისთვის სასჯელი დაეკისრა, ირაკლი მამალაძემ გადასცა.  ასევე განმცხადებელი თვლიდა, რომ რედაქციამ არ დაიცვა, მისი, როგორც საქმის მხარის უფლებები, არ მიიწვია პროგრამაში და არ მისცა ,,საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება”. ირაკლი მამალაძე ასევე პრობლემურად თვლიდა წამყვანის მიკერძოებას , რადგან წამყვანი ,,ირონიული რეპლიკით აფიქსირებს საკუთარ პოზიციას “.

განმცხადებლის პოზიციის შესაბამისად სააპელაციო საბჭომ იმსჯელა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის სამი მუხლის ირგვლივ, ესენია:

  1. ჯეროვანი სიზუსტის დაცვა, რომლის თანახმად ,,ახალი ამბები და ფაქტეზე დაფუძნებული ინფორმაცია მიეწოდება მიუკერძოებლად და ჯეროანი სიზუსტით”.
  2. მიუკერძოებლობა
  3. სამართლიანი მოპყრობა – ,,მაუწყებელი ვალდებულია ჯეროვანი სამართლიანობითა და პატივისცემის დაცვით მოეპყროს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს”.

მსჯელობა ჯეროვანი სიზუსტის თაობაზე:

ამ პრინციპთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

სადავო პროგრამის ფარგლებში ტელეარხს არ გაუვრცელებია სადავო შინაარსი, როგორც დადასტურებული ფაქტი. მაყურებლისთვის ცხადი იყო, რომ ირაკლი მამალაძეზე, როგორც ,,აგენტ პროვოკატორზე”  და ,,იარაღის მიმტანზე” საუბრობდა მსჯავრდებულ  გიორგი მამალაძის ადვოკატები – დაცვის მხარე, როგორც დაინტერესებული მხარე.  კოდექსი ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვნად მიიჩენვს წყაროს იდენტიფიცირებას, რაც სადავო გადაცემაში უზრუნველყოფილია. შესაბამისად თავად სადავო გადაცემის ფარგლებში ჯეროვანი სიზუსტე არ დარღვეულა, თუმცა პრინციპის დაცულობა პრობლემურია  პროგრამის ეთერში გასვლის შემდგომ რედაქციის ქმედებების კონტექსტში.

ჯეროვანი სიზუსტის დაცვის რეკომენდაციები ცალსახად მიუთითებს, რომ

,, მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს ინფორმაციის წყაროს შესაძლო დაინტერესება ან მიკერძოებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას და მიიღოს ყველა გონივრული ზომა გადაცემული ინფორმაციის სისრულისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად”.

სააპელაციო საბჭო, გადაცემის წამყვანის გამოკითხვის გათვალისწინებით, უშვებს, რომ გადაცემის პირდაპირ ეთერში მსვლელობის დროს წამყვანი შესაძლოა არ იყო ინფორმირებული გადაცემაში სტუმართა მიერ გაჟღერებული ინფორმაციის საპირისპირო ცნობების შესახებ. უშვებს, რომ წამყვანმა და პროდიუსერმა არ იცოდა, რომ ირაკლი მამალაძე ამ დრომდეც უარყოფდა გიორგი მამალაძისთვის იარაღის გადაცემის შესახებ ინფორმაციას, ასევე უშვებს, რომ ირაკლი მამალაძის ,,აგენტ პროვოკატორობასთან” დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს მომღერალ თემურ თათარაშვილისა და ჟურნალიტს გია გაბუნიას საქმეებში, მოჰყვა არა მხოლოდ ირაკლი მამალაძის, არამედ თავად მომღერალ თემურ თათარაშვილის მხრიდან უარყოფა. შესაბამისად, არ გვაქვს მოლოდინი, რომ გავრცელებული ინფორმაციის დაზუსტებას რაიმე სახით დაინტერესბულ მხარესთან წამყვანი და პროდიუსერი თავად სადავო გადაცემის მიმდიანრეობისას შეძლებდა (მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადაცემის სადავო ნაწილი პროგრამის დამასრულებელ ბლოკში მოხვდა და თან მიმდინარეობდა პირდაპირი ეთერი).

თუმცა, ყველა ამგვარი პროგრამის შემდეგ პასუხისმგებლიან რედაქციაში, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს საკითხის თანმიმდევრული გაშუქება, უნდა დაწყებულიყო მსჯელობა ,,საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრების” თაობაზე, შესაბამისად უნდა დაწყებულიყო ,,გავრცელებული ინფორმაციის სისრულისა და სიზუსტის უზრუნველმყოფელი” სამუშაოები, რაც მინიმუმ მოიცავდა ბრალდებების გადამოწმებას თავად ირაკლი მამალაძესთან,  მედიის მიერ საქმის ამ დეტალებთან დაკავშირებით გავრცელებული მასალების მოძიებას და აუდიტორიისთვის რაიმე ფორმით გაცნობას (მაგალითად საინფორმაციო გამოშვებაში ეთერში უკვე გასული პროგრამის ფარგლებში გადაცემული ინფორმაციის გაშუქებას და ზუსტებას). ამგავრი სამუშაო მით უფრო უნდა დაწყებულიყო ირაკლი მამალაძის მხირდან გადაცემის ეთერში გასვლიდან მეორე დღესვე მიღებული მიმართვის და გამოთქმული პრეტენზიების ფონზე, რაც რედაქციას არ განუხორციელებია, რითაც რედაქციამ დაარღვია ჯეროვანი სიზუსტის  უზრუნველყოფის პრინციპი.

მსჯელობა მიკერძოების თაობაზე

ქცევის კოდექსი მიუკერძოებლობის თაობაზე მსჯელობისას ხაზგასმას ახდენს ,,აუდიტორიის ინფორმირებულობაზე”, იმის თაობაზე თუ როგორ პოზიციონირებს პროგრამა ბადეში, არის თუ არა საავტორო და უშვებს თუ არა წამყვანის მხრიდან გარკვეულ სუბიექტივიზმს. ამასთან კოდექსი , წამყვანის სუბიექტივიზმის დაშვების შემთხვევაში მიუკერძოებლობაზე მსჯელობისას ამოდის ფაქტისა და მოსაზრების გამიჯნულობის აუცილებლობიდან. შესაბამისად მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოებების გათვალისწინება:

გადაცემა სადისკუსიო ფორმატისაა და ეთერში პოზიციონირებს წამყვანის მონაწილების ხაზგასმით ,,საზოგადოებრივი პოზიცია ნაზი ქობულაძესთან ერთად”. ამასთან გადაცემის წამყვანი თავად სადავო პროგრამის ფარგლებშიც თქმული ტექსტებით ნათელს ხდის აუდიტორიისთვის, რომ პროგრამაში მონაწილე (წამყვანის ჩათვლით) ადამიანები შესაძლოა არ იყონ ნეიტრალურნი. ასე მაგალითად ერთ -ერთი კითვის დასმისას წამყვანი ამბობს ,,აქ რომ იყოს ნეიტრალური მხარე”, რაც აუდიტორიას უქმნის გადაცემის , როგორც საავტორო სადისკუსიო პროგრამის აღქმას.

წამყვანის სადავო რეპლიკა იყო შემდეგი შინაარსის: ,,და ირაკლი მამალაძემ სამართალდამცავ ორგანოებს ჩააბარა დეკანოზი”, რაც შეფასებითი ფრაზაა და რეალურად შეესაბამება ,,ციანიდის” საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის მიხედვით ირაკლი მამალაძის გადაწყვეტილება შესაძლო დანაშაულის შესახებ ეცნობებინა სამართალდამცავი ორგანოებისთვის იყო დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების განმაპირობებელი.  შესაბამისად, სადავო გადაცემის ფარგლებში  არ დარღევულა მიუკერძოებლობის პრინციპი.

თუმცა ინფორმაციის გადაცემისას შერჩეული ტერმინები ( მაგ ,,ჩააბარა”) და წამყვანის ტონალობასააპელაციო საბჭოს აზრით, იმის მიუხედავად, რომ  განეკუთვნება შიდა სარედაქციო სტილისტიკას და არ არის სადავო ქცევის კოდექსით, მაინც ატარებს გადაცემის განწყობების მიხედვით აღქმის რისკებს და რეკომენდებულია იყოს სატირისგან და ირონიისგან დაცლილი.

მსჯელობა სამართლიან მოპყრობაზე

ირაკლი მამალაძე და მისი ადვოკატი სადავოდ ხდიდა იმ გარემოებას, რომ რედაქციამ ისინი სადავო გადაცემაში არ მიიწვია.

სააპელაციო საბჭო ხაზს უსვამს, რომ პროგრამა ეხებოდა საკონსტიტუციო სასამართლოში ადვოკატების მიერ შეტანილ სარჩელს დაცვისა და ბრალდების მხარის თანაბრობის პრინციპის სადავოობის თაობაზე, მაშინ როცა დაცვის მხარეს გაუთქმელობის ვალდებულებას აკისრებენ, ასევე გადაცემის თანმდევი თემა იყო ,,ციანიდის” საქმის გაგრძელება სტრასბურგის სასამართლოში. არც ერთ და არც მეორე მხარეზე, ირაკლი მამალაძე, როგორც ,,ციანიდის საქმის” მოწმე არ წარმოაგენდა ე.წ. მეორე მოპასუხე მხარეს, შესაბამისად სააპელაციო საბჭოსთვის სრულად გასაგებია რატომ არ ქონდა რედაქციის მხრიდან მცდელობას ადგილი – სადავო გადაცემაში წარმოდგენილი ყოფილიყო ირაკლი მამალაძე. შესაბამისად თავად სადავო გადაცემის ფარგლებში პროგრამის მონაწილისადმი სამართლიანი მოპყრობის პრინციპი არ დარღვეულა.

თუმცა ქცევის კოდექსი პრინციპს სამართლიანად განიხილავს განგრძობითი გაშუქების კონტექსტში და ამბობს , რომ ,,პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება”.

ირაკლი მამალაძის განმარტებებით – რედაქციამ  მას ამის საშუალება არ მისცა. ასევე ირაკლი მამალაძემ განხილვისას ხაზი გაუსვა, რომ TV 25-ის რედაქციას ,,ციანიდის” საქმესთან დაკავშირებით არასდროს აუღია მისგან ინტერვიუ.

სააპელაციო საბჭოს მიერ მოკვლეული მასალების და დამატებითი ინტერვიუების შედეგად დადგინდა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს TV 25-ის ირაკლი მამალაძესგან  ,,ციანიდის საქმესთან: დაკავშირებით ინტერვიუ არასდროს აუღია. საძიებო სისტემების საშუალებითაც იძებნება არაერთი რეპორტაჟი TV 25-ის ავტორობით, სადაც გამოყენებულია TV 25 -ის ინტერვიუ ირაკლი მამალაძესთან.

საყურადღებოა, რომ ირაკლი მამალაძემ 27 მაისს, საქმის განხილვის შემდეგ, სააპელაციო საბჭოს დასწრებით, სადავო პროგრამაში გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით უარი უთხრა ინტერვიუზე TV 25-ის გადამღებ ჯგუფს.

საყურადღებოა გადაცემის ფორმატიც, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას ჩაერთოს პირდაპირ ეთერში, გამოთქვას მოსაზრება და დასვას კითხვა, რაც ირაკლი მამალაძის მხარეს სადავო ინფორმაცისთან დაკავშირებით არ გამოუყენებია.

TV 25-ის რედაქციის განმარტებით ირაკლი მამალაძეს მათთვის სადავო პროგრამის გადაცემის შემდეგ არასდროს მიუმართავს ეთერში მისი შეპასუხების გადაცემის მოთხოვნით და იგი დავის მიმდინარეობისას ყოველთვის ითხოვდა რედაქციისგან ბოდიშის მოხდას და წამყანის ეთერიდან მოხსნას, რასაც რედაქცია არ დაეთანხმა.

სააპელაციო საბჭოს კითხვაზე – თავად რედაქცია სადავო პროგრამის ეთერში გადაცემის შემდეგ  დროულად, ოპერატიულად დაუკავშირდა თუ არა ირაკლი მამალაძეს და თხოვა თუ არა ინტერვიუ, ვიდრე ეთიკის ქარტიაში, სადავო პროგრამის ეთერში გასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, საქმის განხილვა შედგებოდა? რედაქციისგან მიიღო პასუხი, რომ არა. რაც აჩვენებს, რომ რედაქციამ ვერ უზრუნველყო შეპასუხების ,,დროულობა”, რითაც დაირღვა პროგრამის მონაწილისადმი სამართლიანი მოპყრობის პრინციპი. სააპელაციო საბჭო ცხადია უშვებს, რომ დროული შეთავაზების შემთხვევაშიც ირაკლი მამალაძე არ გამოიყენებდა მისი პოზიციის TV 25-ის აუდიტორიამდე მიტანის საშუალებას, რაც მიუთითებს მისი, როგორც წყაროს პრობლემურობაზე. მაგრამ წყაროს პრობლემურობა და კეთილსინდისიერების საკითხი, არ ათავისუფლებს რედაქციას შეპასუხების დროული შეთავაზების ვალდებულებისგან.

გადაწყვეტილება

დაევალოს TV 25-ის რედაქციას აუდიტორიას მიაწოდოს ინფორმაცია  (საუკეთესო დროს გადაცემული რეპორტაჟის და/ან თავად იგივე გადაცემის წამყვანის მხრიდან განმარტების სახით) გადაცემით ,,საზოგადოებრივი პოზიცია” გავრცელებული ინფორმაციის სადავოობის შესახებ ირაკლი მამალაძის მხრიდან, იმგვარად, რომ სადავო ინფორმაციის თაობაზე აუდიტორიისთვის ცნობილი იყოს ირაკლი  მამალაძის პოზიცია და აქამდე ცნობილი და ხელმისაწვდომი დამატებითი დეტალები. ამასთან, სააპელაციო საბჭო მიიჩნევს, რომ რედაქცია დადასტურებული ფაქტის სახით, ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს თავად სადავო ინფორმაციებს ირაკლი მამალაძის ,,აგენტ პროვოკატორობისა” თუ იარაღის ეპიზოდთან დაკავშირებით.

მიეცეს რეკომენდაცია TV 25-ის წამყვანებს გამოიყენონ ნეიტრალური ტერმინოლოგია და ერიდონ სატირასა და ირონიას საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამებში.

ნათია კუპრაშვილი

31.05.2018