თვითრეგულრების მექანიზმის ზოგადი მდგომარეობა რეგიონულ მაუწყებლებში

01 სექტემბერი 2016

საკანონმდებლო სისტემა

2009 წელს, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიღების შემდეგ, მაუწყებლებს თვითრეგულირების მექანიზმის შექმნა დაევალათ, რაც ტელევიზიის შიგნით საბჭოს შექმნას გულისხმობდა,  რომელიც თანამშრომლებით დაკომპლექტდებოდა და მაყურებლის მხრიდან პრეტენზიის შემთხვევაში საჩივარს განიხილავდა.

საბჭოების შექმნა ეროვნულ მაუწყებლებს ექვსი თვის, ხოლო რეგიონულ მაუწყებლებს ერთი წლის განმავლობაში დაევალათ. კანონმდებლობით გაწერილი პროცედურის თანახმად, შემოსული საჩივრის განხილვის ვალდებულება მაუწყებლებს 21 დღის ვადაში აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვალდებულები არიან დაასაბუთონ გადაწყვეტილება განხილვის ვადის გაზრდის თაობაზე და ყველა დაინტერესებულ პირსაც აცნობონ. თვითრეგულირების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მომჩივანს, ამავე მაუწყებლის მიერ შექმნილ სააპელაციო ორგანოში შვიდი დღის მანძილზე შეუძლია.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებსაც, თუ ვინ შეიძლება იყოს თვითრეგულირებისა და სააპელაციო ორგანოს წევრი. არ შეიძლება საბჭოში შევიდეს საჯარო მოხელე ან პოლიტიკური პარტიის წევრი. თვითრეგულირების ორგანო დაკომპლექტებული უნდა იყოს მიუკერძოებელი და კომპეტენტური ადამიანებით. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში, საჩივრის განხილვის დროს, დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, კომისიის ამა თუ იმ წევრს აცილება მისცეს. წევრის აცილების შემთხვევაში, გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით  მიიღება. ხმათა გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. გადაწყვეტილება 30 დღის განმავლობაში უნდა იქნეს მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, საბჭოს დასაბუთების ვალდებულება აქვთ.

საჩივრების განხილვის შემთხვევაში თვითრეგულირებისა და სააპელაციო ორგანოების კომისიებმა უნდა უზრუნველჰყონ ყველა დაინტერესებული პირის დასწრება. საჩივრებთან დაკავშირებით, მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული.

თვითრეგულირებასთან ერთად, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ ანგარიშვალდებულების ნაწილსაც მოიცავს. მაუწყებლები ვალდებულები არიან, წელიწადში ერთხელ ჩაატარონ თვითრეგულირების სისტემის აუდიტი და ეროვნულ კომისიას ყოველწლიურად წარუდგინონ ის. საანაგარიშო პერიოდი 1 მაისით არის განსაზღვრული. ანგარშში თავმოყრილია ინფორმაცია თვითრეგულირების მექანიზმში შესული საჩივრების, განცხადებებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

კანონმდებლობა მაუწყებლებს ავალდებულებს, საჩივართა განხილვის პროცესი გამჭვირვალედ წარმართონ, თუმცა ის არ შეიცავს კონკრეტულ პუნქტებს, რომელიც ვალდებულებას უზრუნველჰყოფს. აქედან გამომდინრე, მაუწყებლები წლის განმავლობაში შესულ საჩივრებს, თვითრეგულირებისა და სააპელაციო ორგანოს წევრთა ვინაობას, მიღებულ გადაწყვეტილებას და ა.შ. მხოლოდ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წარუდგენენ. კანონი მაუწყებლებს არც თვითრეგულირების შესახებ ინფორმაციის საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებას ავალდებულებს.

 

თვითრეგულიების მექანიზმის მუშაობა რეგიონულ მაუწყებლებში

შვიდი წლის მანძილზე აღმოჩნდა, რომ ტელევიზიებს მხოლოდ რამდენიმე საქმე აქვთ განხილული. მათგან ყველაზე ხმაურიანი, ბათუმის 25-ე არხის თვითრეგულირებაში შეტანილი საჩივარი აღმოჩნდა. 2012 წელს ზვიად ქორიძემ საბჭოს „ობიექტივის“ გადაცემა „ღამის სტუდიის“ 19 მარტის გამოშვებისათვის მიმართა (აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში 25-ე არხი ეთერს „ობიექტივს“ უთმობდა). ქორიძე ამბობდა, რომ გადაცემაში მისი მოსაზრებების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა, რასაც მოგვიანებით შეურაცხმყოფელი განცხადებებიც დაერთო. საბჭომ განხილვისას მიიჩნია, რომ დარღვევას მართლაც ჰქონდა ადგილი და ქორიძის საჩივარი დაკმაყოფილდა. 

ტელეკომპანია „იმერვიზიაში“ შესული ერთ-ერთი საჩივარი კი სიუჟეტში წარმოჩენილი წყაროს კომპეტენციას და მოპასუხე მხარისათვის არასათანადოდ დათმობილ დროს ეხებოდა. მოგვიანებით, ყველა მხარეს მიეცა საშუალება, დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება.

აქამდე, მაუწყებლები, ძირითადად, თვითრეგულირების არაპირდაპირ გზას ამჯობინებდნენ. პრეტენზიის შემთხვევაში მაყურებლები მაუწყებლის ჟურნალისტთან ან პასუხისმგებელ პირთან რეკავდნენ და ამ გზით აგვარებდნენ პრობლემურ საკითხს, რადგან საჩივრის დაწერა თუ საბჭოსთან კომუნიკაცია დროში გაწელილი პროცესია და მაყურებლები უფრთხიან. ამასთან, პირად ნაცნობობას პატარა ქალაქებსა და რეგიონებში მნიშვნელოვანი წილი აქვს.

აქვე აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმში ჩივლის ნაცვლად, სარჩელი, უმეტესად, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“ მიაქვთ. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ტელევიზიის შიდა საბჭოს მაყურებელი ნაკლებად ენდობა მაშინ, როდესაც ქარტიისადმი მოქალაქეების ნდობა გაცილებით მაღალია.

რეგიონული მაუწყებლების დიდი ნაწილი ამბობს, რომ მათი საქმიანობისადმი მოსახლეობას პრეტენზიები იშვიათად აქვს. ასეთის არსებობის შემთხვევაში კი სოციალურ ქსელებსა და სატელეფონო ზარების შემთხვევებიც იშვიათია. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რეგიონული ტელევიზიების გარკვეულ ნაწილში, თვითრეგულირების მექანიზმის შექმნიდან დღემდე საჩივარი არ შესულა.

რაც შეეხება პრეტენზიებს, მათი დიდი ნაწილი სახელისა და გვარის სწორად მითითებას, მათთვის სიუჟეტში გამოყოფილ დროს თუ მორბენალ სტრიქონში არასწორად მითითებულ ინფორმაციას უკავშირდება. შინაარსობრივ საკითხებზე დავა არხთან მოსახლეობას ნაკლებად აქვს, რაც, შესაძლოა, ინფორმაციის ნაკლებობად მივიჩნიოთ.

კიდევ ერთი სირთულე თვითრეგულირების მექანიზმის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება. რეგიონულ მაუწყებლებს შორის არხი, რომელსაც გვერდზე საბჭოს შესახებ ინფორმაცია უდევს, ბათუმის 25-ე არხია. ამის მიუხედავად, ტელევიზიათა დიდ ნაწილში მაუწყებლის შიდა განაწესსა და შრომით ხელშეკრულებებში მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დაცვას დებს, რაც ეროვნული მაუწყებლებისგან განსხვავებით, ნოვაციაა.

რეგიონულ მაუწყებლებში სიუჟეტებისა თუ არასწორი ინფორმაციის შესწორების პრობლემა არასოდეს დგას. მათი უმეტესობა შეცდომას მალევე ასწორებს და ბოდიშსაც იხდის. ყველა მაუწყებლის წარმომადგენელი აღნიშნავს, მთავარი პრობლემა არა კომუნიკაციის, არამედ, მისი არაფორმალობის ბრალია.

 

 

ძირითადი გამოწვევები

მაუწყებელთა ნაწილი არ აკეთებს თვითრეგულირების მექანიზმის პოპულარიზაციას რადგან მიაჩნია, რომ ნაკლები საჩივარი მაუწყებლის იმიჯისათვის უკეთესია. ამასთან, მაყურებელი მიჩვეულია, ვერბალურ კომუნიკაციას, რაც სატელეფონო ზარებსა თუ სოციალური ქსელების საშუალებით კონტაქტში გამოიხატება. თვითრეგულირების საბჭოსადმი  მიმართვა, საჩივრის წერა და  გარკვეული პერიოდით პასუხზე ლოდინი საჩივრებზე თავის შეკავების მიზეზი ხდება.

მაუწყებლები მიიჩნევენ, რომ ერთობლივი კოორდინაციით, სოციალური რგოლებითა და მოსახლეობასთან შეხვედრით, თვითრეგულირების მექანიზმის გააქტიურებას შეძლებენ. რეგიონებში ჩატარებული შეხვედრებიდან და მოსახლეობის ინტერესიდან გამომდინარე, თვითრეგულირების მექანიზმების უფრო ეფექტიანად ქცევა განსაკუთრებული სირთულის ამოცანა არ არის.