პრაქტიკა

ნონა ქადაგიშვილი ტელეკომპანია "გურჯაანის" წინააღმდეგ

02 ნოემბერი 2016

აღწერილობითი   ნაწილი       ტელეკომპანია   ,,გურჯაანის“   მომხმარებელთა    საჩივრების    განხილვის   კომისიას   განცხადებით   მომართა  ,,პაატა   ბურჭულაძე- სახელმწიფო    ხალხისთვის“  პიარმა , ნონა ქადაგიშვილმა , რომლის განცხადებით,    ტელეკომპანია  ,,გურჯაანმა,  2016 წლის 23 სექტემბერს გამართულ  სატელევიზიო დებატებში, დაარღვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის VI თავის (საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემა და არჩევნების გაშუქება) 23-ე მუხლის მე-2-ე და მე-3-ე პუნქტები, სადაც აღნიშნულია, რომ:  2.კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ახორციელებს საერთო მაუწყებლობას და აშუქებს არჩევნებს ვალდებულია, კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებსა და მათ კანდიდატებს თანაბარად დაუთმოს საეთერო დრო ისე, რომ მათ შეძლონ ამომრჩევლის ინფორმირება საკუთარი პოლიტიკური პროგრამის, პოზიციების და კვალიფიციურობის შესახებ. 3.საარჩევნო კამპანიის დროს მაუწყებელი უნდა უზრუნველყოფდეს, არა მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის კანონით გარანტირებული უფლებების რეალიზაციას, არამედ ასევე უნდა აშუქებდეს იმ პოლიტიკური პარტიების საქმიანობასაც, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში, უნდა აძლევდეს მათ შესაძლებლობას, გააკეთონ კომენტარი. დებატებში, რომელიც  კვალიფიციური პარტიების დეპუტატებს შორის იმართებოდა, ვერ   მოხვდა,  პაატა  ბურჭულაძის  პარტიის  მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი   ხაზიური.  მომჩივანი, ნონა ქადაგიშვილი  მიიჩნევდა, რომ   მაყურებელს  არ   მიეცა    საშუალება    მოესმინა   ყველა  კანდიდატისთვის   და   ტელეეთერი თანაბრად არ  დაეთმო    ყველა   საარჩევნო სუბიექტს. აქედან გამომდინარე კი   ტელეკომპანიამ   ისინი  არათანაბარ    მდგომარეობაში   ჩააყენა.     განმცხადებლის    არგუმენტაცია:  ,,გურჯაანმა"  გადასცა  ეთერში   დებატები კვალიფიციური პარტიების დებუტატებთან, სადაც ჩვენი კანდიდატი ვერ მოხვდა, როგორც ტელეკომპანიაში აგვიხსნეს არ აპირებენ ,რომ გამართონ ცალკე დებატები არაკვალიფიციურ კანდიდატებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მაყურებელს არ ეძლევა საშუალება მოუსმინოს და გაეცნოს ყველა კანდიდატს , ასეთი შერჩევითი შერჩევა სტუმრების მიანიშნებს   იმაზე, რომ ტელეეთერი თანაბრად არ ეთმობა ყველა კანდიდატს და მათ არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს, რაც არ არის სწორი მიდგომა“. ნონა ქადაგიშვილის განცხადებით, ტელეკომპანია ,,გურჯაანი“ ვალდებული იყო არაკვალიფიციური  სუბიექტების   წარმომადგენლებისთვისაც  გაემართა  ცალკე  დებატები. კომისიის    შეფასება            ტელეკომპანია  ,,გურჯაანის“ ეთერში    ტელედებატები, რეგიონულ მაუწყებელთა   ასოციაციის  ორგანიზებით  ჩატარდა, რომელსაც მხარს  უჭერდა  საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. გადაცემის   ფორმატის  მიხედვით, მასში  მონაწილეობდნენ  მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.  რიგითობა და გადაცემის სხვადასხვა ბლოკში მათი გადანაწილება თბილისში ჩატარებული წილისყრის შედეგად განისაზღვრა, რომელშიც ცხრავე კვალიფიციური სუბიექტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. იმის  გამო რომ  გადაცემის ფორმატი   არ   ითვალისწინებდა  არაკვალიფიციური სუბიექტების  მონაწილეობას  ტელეკომპანია ,,გურჯაანი“  ტელედებატების  ფორმატს ვერ დაარღვევდა და ვერ მიიწვევდა  ამ  ფორმატში  ,,პაატა   ბურჭულაძე-სახელმწიფო  ხალხისთვის“ მაჟორიტარობის  კანდიდატს. იმის   გამო  რომ  არაკვალიფიციურმა სუბიექტებმა ამ ფორმატის  ტელედებატებში   მონაწილეობა  ვერ მიიღეს,  ისინი  არათანაბარ პირობებში რომ არ  ჩამდგარიყვნენ,  ტელეკომპანია ,,გურჯაანმა“ მათ ცალკე საეთერო დრო   დაუთმო. პირადად ,,პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ინტერვიუს სახით  საინფორმაციო გამოშვებაში   14  წუთი 43  წამი დაეთმო , რათა მას  საარჩევნო  პროგრამა  ამომწურავად  გაეცნო მაყურებლისთვის. ამას  გარდა, ტელეკომპანია ,,გურჯაანმა“  პარტიას  ,,პაატა ბურჭულაძე-სახელწმიფო ხალხისთვის“ ცალკე გადაცემა  მიუძღვნა 40   წუთი. ამ საეთერო  დროის გარდა, ტელეკომპანია ,,გურჯაანი“ აშუქებდა  კანდიდატის შეხვედრებს   ამომრჩეველთან  და სხვადასხვა  აქტივობებს   წინასაარჩევნო პერიოდში.  რაც შეეხება,  ცალკე დებატების  გამართვას  არაკვალიფიციურ სუბიექტებს   შორის, პარტია  ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხის“ კანდიდატის გარდა,  ასეთი  სურვილი   არცერთ  არაკვალიფიციურ  სუბიექტს  არ   გამოუთქვამს. მათ მხოლოდ  ისეთი  ფორმატის გადაცემაში მონაწილეობა  სურდათ, სადაც უშუალოდ ,,ნაციონალურ   მოძრაობას“ და   ,,ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდებოდნენ.  მათ  ცალკე  დროის დათმობა ერჩივნათ საინფორმაციო გამოშვებაში  ინტერვიუს   სახით, რაც  ტელეკომპანია ,,გურჯაანმა“ უზრუნველყო. ცალკე    ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმიწიფო  ხალხის“  კანდიდატისთვის კი  ტელედებატს ვერ მოაწყობდა.   დასკვნა        ყოველივე  ზემოთაღნიშნულიდან  გამომდინარე  კომისიამ  მიიღო  გადაწყვეტილება, რომ  ტელეკომპანია ,,გურჯაანს“  არ დაურღვევია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის VI თავის 23-ე მუხლის მე-2-ე და მე-3-ე ქვეპუნქტები. მას არ ჩაუყენებია პოლიტიკური გაერთიანება „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო   ხალხისთვის“  მაჟორიტარობის  კანდიდატი, გიორგი   ხაზიური   არათანაბარ პირობებში და ტელეკომპანია ,,გურჯაანმა“  მას    საკმარისი დრო  დაუთმო  იმისათვის, რომ  საარჩევნო  პროგრამა და  მიზნები გაეცნო   მაყურებლისთვის.  

გაიგეთ მეტი

"ეროვნული ფორუმი" ტელეკომპანია "ოდიშის" წინააღმდეგ

02 ნოემბერი 2016

ეროვნული ფორუმი ტელეკომპანია „ოდიშის“ წინააღმდეგ აღწერილობითი ნაწილი 29 სექტემბერს, ტელეკომპანია „ოდიშის“ გენერალურ დირექტორს, ოფიციალური წერილით მიმართა „ეროვნული ფორუმის“ აღმასრულებელმა მდივანმა. წერილში გოჩა ჯაბიძე წერდა, რომ მაუწყებელმა დაარღვია საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც საერთო მაუწყებელს ავალდებულებს, კვალიფიციურ სუბიექტებს დრო თანაბრად დაუთმოს. საქმე ეხებოდა ტელეკომპანია „ოდიშის“ მიერ 29 სექტემბერს გამართულ დებატებს. გადაცემის ფორმატი ითვალისწინებდა, კვალიფიციურ სუბიექტების მაჟორიტარობის კანდიდატთა  შორის დებატებს. „ეროვნულმა ფორუმმა“ არხს დებატებში პარტიის ლიდერის, კახა შარტავას მონაწილეობა შესთავაზა, თუმცა გადაცემის მკაცრად გაწერილი ფორმატი მასში მონაწილეობის ნებას, სუბიექტებიდან მხოლოდ კანდიდატებს რთავდა და არა პარტიის სხვა წევრებს. მომჩივანი წერილში აღნიშნავდა, რომ წინასაარჩევნო პოლიტიკურ დებატებში ტელევიზიის მხრიდან უარის თქმა, კოდექსის შესაბამისი მუხლის დარღვევასთან ერთად, ამავე კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილსაც არღვევდა, რომელიც წინასაარჩევნო აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასა და ინფორმაციის გადაცემასთან, ან გამოქვეყნებასთან იყო დაკავშირებული. არგუმენტის თანახმად, მსგავსი სახის გადაცდომა  „ოდიშის“ 1500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევდა. „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი წერდა, რომ დარღვევის შესახებ აცნობებდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც შესაბამის ზომებს მიიღებდა.   განხილვის ნაწილი პრეტენზიის განხილვა მოხდა „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-6-წე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-5-ე მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, პაატა მანჯგალაძე მიიჩნევა დაინტერესებულ პირად, რომელსაც სურვილის შემთხვევაში შეეძლო, მიემართა საბჭოსთვის სარჩელით. საბჭო 18 ოქტომბერს შეიკრიბა და საკითხზე იმსჯელა.  ის დაეთანხმა განმცხადებელს იმაში, რომ წინასაარჩევნო დებატები მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად, ყველა საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით უნდა გადასცეს. თუმცა წევრთა შეფასებით, საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს.“ აქედან გამომდინარე, საბჭოს აზრით, მაუწყებელს არ დაურღვევია კანონი, ვინაიდან ეთერში მომზადდა და გადაიცა დებატები ქალაქ ზუგდიდისა და მისი რაიონის მაჟორიტარობის, მუნიციპალიტეტისა და ქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატებს შორის. ვინაიდან „ეროვნულ ფორუმს“ არ ჰყავდა ზემოთ ნახსენებ არც ერთ კატეგორიაში წამოყენებული კანდიდატი ზუგდიდში, პარტიის წარმომადგენელმა ვერ მიიღო დებატებში მონაწილეობა. რაც შეეხება მისთვის ცალკე ეთერის დათმობას, მაუწყებელს არ ჰქონია დებატები პარტიულ ლიდერებს შორის, შესაბამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ მხოლოდ კახა შარტავას მოწვევა სხვა პარტიებსა და ლიდერებს ჩააყენებდა დისკრიმინაციულ გარემოში.   დასკვნა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტელეკომპანია „ოდიშის“ თვითრეგულირების საბჭომ გადაწყვიტა, რომ მაუწყებელს არ დაურღვევია არც საქართველოს საარჩევნო კოდექსის 52-ე მუხლის მეპრე ნაწილი და ამავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან „ოდიშის“ ეთერში განთავსებული იყო პარტიის როგორც ფასიანი, ასევე უფასო პოლიტიკური რეკლამა.  

გაიგეთ მეტი

გიორგი ღვინიაშვილი TV "გურჯაანის" წინააღმდეგ

02 ნოემბერი 2016

აღწერილობითი   ნაწილი 19 ოქტომბერს,   ტელეკომპანია   ,,გურჯაანის“   თვითრეგულირების საბჭომ,   საკუთარი    ინიციატივით  განიხილა ,,ნაციონალური  მოძრაობის“ გურჯაანის   მაჟორიტარი    დეპუტატობის    კანდიდატის, გიორგი    ღვინიაშვილის პრეტენზია. ამ უკანასკნელმა ტელეკომპანია   ,,გურჯაანი“   მიკერძოებაში   დაადანაშაულა და აღნიშნა,  რომ ტელეკომპანია  ,,გურჯაანმა,  2016 წლის 23 სექტემბერს გამართულ  სატელევიზიო დებატებში, დაარღვია მაუწყებელთა   ქცევის კოდექსის VI თავის (საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემა  და   არჩევნების გაშუქება) 23-ე მუხლის მე-2-ე    პუნქტი, სადაც აღნიშნულია, რომ:  კერძო  მაუწყებლობის   ლიცენზიის   მფლობელი, რომელიც   ახორციელებს საერთო მაუწყებლობას  და   აშუქებს   არჩევნებს   ვალდებულია, კვალიფიციურ საარჩევნო   სუბიექტებსა  და მათ  კანდიდატებს თანაბარად დაუთმოს საეთერო დრო ისე, რომ მათ შეძლონ ამომრჩევლის ინფორმირება   საკუთარი პოლიტიკური პროგრამის, პოზიციების და კვალიფიციურობის შესახებ. მომჩივანის თქმით, არხმა ასევე დაარღვია საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის (წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა) მეორე ქვეპუნქტი, რომელიც ამბობს: საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს.     განმცხადებლის    არგუმენტაცია:  ,, ნაციონალური  მოძრაობის „ წევრის  არგუმენტაციით,   ტელეკომპანია   ,,გურჯაანმა“   დაარღვია   სამართლიანობის   პრინციპი   და   ტელედებატებში   ბოლო   სიტყვის   თქმის    საშუალება   მისცა   ,,ქართულ   ოცნებას“ , რითაც  დაირღვა მაუწყებელთა   ქცევის კოდექსის VI თავის (საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემა  და   არჩევნების გაშუქება) 23-ე მუხლის მე-2-ე    პუნქტი, რომელიც არჩევნების თანაბარ პირობებში გაშუქებას ეხება.  და ასევე საარჩევნო კოდექსის 51-ე თავი, რომელიც მედიის მიერ არჩევნების გაშუქებას ეხება.     კომისიის გადაწყვეტილება ტელეკომპანია  ,,გურჯაანის“ ეთერში    ტელედებატები, რეგიონულ მაუწყებელთა   ასოციაციის  ორგანიზებით  ჩატარდა, რომელსაც მხარს  უჭერდა  საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. გადაცემის   ფორმატის  მიხედვით, მასში  მონაწილეობდნენ  მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.  რიგითობა  და  გადაცემის   სხვადასხვა  ბლოკში მათი გადანაწილება თბილისში ჩატარებული წილისყრის შედეგად განისაზღვრა, რომელშიც ცხრავე კვალიფიციური სუბიექტის  წარმომადგენლები   მონაწილეობდნენ. წილისყრის შედეგად, ერთიანი  „ნაციონალური მოძრაობა“ ცხრა პარტიას შორის მერვე აღმოჩნდა, ხოლო „ქართული ოცნება“ - მეცხრე. შესაბამისად, ტელეკომპანია „გურჯაანმა,“თბილისში დადგენილი რიგითობის მიხედვით მისცა კანდიდატებს სიტყვა.  ყოველივე  ზემოთაღნიშნულიდან  გამომდინარე  კომისიამ  მიიღო  გადაწყვეტილება, რომ  ტელეკომპანია ,,გურჯაანს“  არ დაურღვევია  არც მაუწყებელთა ქცევის კოდექსის VI თავის 23-ე მუხლის მე-2-ე და მე-3-ე ქვეპუნქტები და არც საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლი. მაუწყებელს ასევე  არ ჩაუყენებია   ,,ნაციონალური   მოძრაობის“ კანდიდატი   არათანაბარ   პირობებში სხვებთან შედარებით და ტელეკომპანია   ,,გურჯაანმა“  მას   ადეკვატური  დრო    დაუთმო   იმისათვის, რომ  საარჩევნო  პროგრამა და  მიზნები გაეცნო   მაყურებლისთვის. 

გაიგეთ მეტი

TV 25-ის პრეცენდენტული საქმე

31 ოქტომბერი 2016

ტელემედიაში ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როცა მაუწყებელთა ნაწილი სხვა მაუწყებლის რეტრანლისრებას ახდენს ან ეთერში სხვა ტელევიზიის, ან დამოუკიდებელი სტუდიის მიერ მომზადებულ პროდუქტს ათავსებს. ვრცელდება თუ არა ასეთ პროგრამებზე ქცევის კოდექსის ნორმები? რამდენად შესაძლოა დადგეს  მაუწყებლის პასუხისმგებლობის საკითხი - თუ არხის რედაქციას გადაცემის წარმოებაში მონაწილება არ მიუღია? ამ კუთხით პრეცენდენტულ განხილვას 2012 წელს ბათუმში მაუწყებელი კომპანიის - TV 25 -ის თვითრეგულირების ორგანოში ჰქონდა ადგილი, მას შემდეგ რაც მედიაქსპერტმა ზვიად ქორიძემ მედიაკავშირ ,,ობიექტივის” მიერ მომზადებული და TV 25 -ის ეთერით გადაცემული პროგრამის გამო იჩივლა.   დავის დეტალები სადავო პროგრამა ბათუმში ,,აზიზიეს მეჩეთის” მშენებლობის თემას ეხებოდა, გადაცემაში ასევე საუბარი იყო ბათუმის ,,პრესკაფეში” იგივე თემაზე გამართული დისკუსიის დეტალები. პროგრამაში არაერთგზის კრიტიკულად მოიხსენიებდნენ თავად ზვიად ქორიძეს, რომელიც ბათუმის ,,პრესკაფეში” დისკუსიის ერთ-ერთი ინიციატორი და მოდერატორი იყო. ზვიად ქორიძე საჩივრით ,,ტელეარხ 25-ის “ ეთერით გადაცემული მოსაზრებების უარყოფას ითხოვდა, განმცხადებლის მოსაზრებით ,,ობიექტივის” როგრამაში საზოგადეობას არ მიეწოდა მოსაზრრებათა ფართო სპექტრი; ადგილი ჰქონდა მოსაზრებათა არასწორ ინტერპრეტაციას; პროგრამის წამყვანი ღიად გამოტავდა საკუთარ მოსაზრებებს, რითაც ხელყოფდა გადაცემის მიუკერძოებლობას”. აღნიშნულ პრინციპებს მოიცავს ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-17 მუხლი, დავაც ამ მუხლის მიხედვით წარმოებდა.   განხილვის დეტალები: TV 25-მა დასაშვებად სცნო საჩივარი, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის მწარმოებელი სხვა მაუწყებელი (2012 წელს ,,ობიექტივი” დამოუკიდებლად მხოლოდ რადიოსიხშირით მაუწყებლობდა, ტელეგადაცემებს კი სხვა არხების, მათ შორის TV 25-ის საშუალებით გადასცემდა) იყო. ნიშანდობლივი იყო ის გარემოებაც, რომ მოსაჩვრემ არა უშუალო მწარმოებელს, არამედ პროგრამის გამავრცელებელ არხს მიამრთა. ამით TV 25-ის თვითრეგულირების საბჭომ მნიშვნელოვანი პრეცენდენტი დაუშვა - დაადასტურა, რომ იმის მიუხედავად არის თუ არა მაუწყებელი უშაულოდ ჩართული მის მიერ გადაცემულ პროგრამაში, მისი პასუხისმგებლობა, გარდა კანონით დაშვებული გამმონაკლისებისა (მაგალითად პოლიტიკური რეკლამა) ეთელის სრულ შინაარსზე ნაწილდება. განხილვაზე TV 25-ის თვითრეგულირების ორგანოს პირველმა ინსტანციამ მოიწვია როგორც განმცხადებელი მხარე, ისე ,,ობიექტივის” წარმომადგენელიც - ირმა ინაშვილი. განხილვას სხვა მედიების ჟურნალისტები და დაინტერესებული საზოგადოებაც ესწრებოდა. ამით არხმა უზრუნველჰყო პროცესის მაქსიმალური გამჭირვალობა და ღიაობა.     გადაწყვეტილება თვიტრეგულირების პირველმა ინსტანციამ ნაწილობრივ გაიზიარა განმცხადებლის მოსაზრება, რომ საზოგადოებას პროგრამით არ მიექოდა მოსაზრებათა ფართო სპექტრი. კომისიამ მიიჩნია, რომ მართალია მეიდაკავშირის ,,ობიექტივი” შეეცადა ზვიად ქორიძისგან სატელეფონო კომენტარის მოპოვებას, საბოლოო ჯამში ამ გზითაც ვერ უზურნველყო ფართო სპექტრის მიწოდება მაყურებლისთვის. განმცხადებლის მოსაზრება, რომ გადაცემაში ადგილი ჰქონა არასწორ ინტერპრეტაციებს და წამყვანი ირმა ინაშვილი საკუთარ მოსაზრებას მიკერძოებულად გამოხატავდა, რითაც ხელყო პროგრამის მიუკერძოებლობა - სრულად იქნა გაზიარებული. TV 25-მა ამ გადაწყვეტილებისა და  მისი შინაარსის შესახებ ე.წ. საუკეთესო დროში მიაწოდა აუდიტორიას დეტალრუი ინფორმაცია.  

გაიგეთ მეტი

აზრები საზოგადოებრივი აზრის კვლევაზე

31 ოქტომბერი 2016

აზრები საზოგადოებრივი აზრის კვლევაზე   2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არაერთი მაუწყებლის ეთერის საშუალებით, არჩევნებამდე აუდიტორიამ არაერთგზის შეიტყო, თუ ვის რა პროცენტული წილი შეიძლებოდა  რგებოდა არჩევნების შედეგად. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კი 11 ტელეკომპანიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი  შეუდგინა საზოგადოებრივი აზრის კვლევების კანონთან შეუსაბამოდ გამოქვეყნებისთვის.   წინასარჩვენო პერიოდში საზოგადოებრივი აზრის გაშუქების წესი მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ე.ი. თვითრეგულირებადი ნორმების  შემადგენელი ნაწილია. კოდექსი დეტალურად საუბრობს თუ როგორ უნდა იმუშაოს მაუწყებელმა საზოგადოებრივი აზრის კვლევებზე:   თავი VII საზოგადოებრივი აზრის კვლევა მუხლი 25. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გაშუქების პრინციპი მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს მის ეთერში განთავსებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძვლიანობა და საიმედოობა. მისი შედეგები არ უნდა იქნას გამოყენებული საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენისათვის.   მუხლი 26. მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიმართ წაყენებული მოთხოვნები (წესები) 1.წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც ტარდება მაუწყებლის მიერ ან მისი დაკვეთით, ან ხორციელდება მისი ეთერით გადაცემა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსით” დადგენილ მოთხოვნებს. 2.კვლევის შედეგების გამოქვეყნებისას მაუწყებელმა უნდა შეახსენოს აუდიტორიას, რომ შედეგები ასახავს მხოლოდ კვლევის ჩატარების დღეს არსებულ სურათს, რომელიც არ წარმოადგენს ხმის მიცემის დღეს მოვლენების განვითარების უტყუარ პროგნოზს.   მუხლი 27. სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შესახებ 1.საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების სანდოობაში ეჭვის შეტანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელი უნდა დარწმუნდეს კვლევის მეთოდოლოგიის სისწორეში, შედეგების საიმედოობაში და იმ ხალხის ობიექტურობაში, რომელთაც აღნიშნული კვლევა ჩაატარეს ან დაუკვეთეს. 2.საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები განხილული უნდა იქნას ფართო კონტექსტში ზოგადი ტენდეციების განსასაზღვრად. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის კვლევით გამოვლენილ ზოგად ტენდენციებს შორის მკვეთრი სხვაობის ან ერთი კვლევის ფარგლებში დაფიქსირებული წინააღმდეგობრივი მონაცემების საფუძვლიანი ახსნა. 3.ინტერაქტიული გამოკითხვის შედეგის გაშუქებისას მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული, რომ ის არ არის წარმომადგენლობითი, სანდო და ზუსტი, ვინაიდან ასახავს მხოლოდ თვითშერჩეულ ადამიანთა მოსაზრებებს. 4.დაუშვებელია ინტერაქტიული გამოკითხვის გამოყენება საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერის თაობაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად ან მისი შედეგების გაშუქება იმ პროგრამის ფარგლებს მიღმა, რომლის დროსაც ჩატარდა ინტერაქტიული გამოკითხვა.   თუ ასეა, მაშინ რატომ მოხდა, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომიასიამ მაუწყებელს სასამართლოში საზოგადოებრივი აზრის კვლევების არასწორი გაშუქების გამო უჩივლა და განხილვა არ წარიმართა თვითრეგულირების ორგანოში?   საქმე იმაშია, რომ ,,საქართველოს საარჩვენო კოდექსი”, საზოგაოდებირვი აზრის კვლევების შესახებ არაერთ პუნქტს შეიცვას, მათ შორის ისეთს, რომელთა სრულად დაკმაყოფილება შესაძლოა მუდმივად იყოს დავის და შესაბამისად მაუწყებელთა სანქცირების საგანი: კოდექსის 50 მუხლის მე-5 პუქნტში ვკითხულობთ: აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა. არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან 1 თვის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს გამოკითხვის დამკვეთი (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი, თუ დამკვეთი იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანოა; გვარი, სახელი და მისამართი მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, თუ დამკვეთი ფიზიკური პირია), გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი), გამოკითხვის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება, შესაძლო ცდომილების ფარგლები. ცალკე კოდექსიში ვხვდებით 51-ე მუხლის მე-11 პუნქტს: ,,ამ კანონის მიზნებისათვის საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95-პროცენტიან საიმედოობას და რომლის ცდომილების ფარგლები 3 პროცენტს არ აღემატება; ბ) უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ; გ) იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა; დ) არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ან თანხის მოზიდვის საშუალება, არ უნდა ჩატარდეს ტელეფონის, ფოსტის ან/და ინტერნეტის მეშვეობით; ე) უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც იძლევა შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას; ვ) შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს: ვ.ა) ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა; ვ.ბ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი; ვ.გ) კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა; ვ.დ) საველე კვლევის ჩატარების დრო; ვ.ე) გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი; ვ.ვ) რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა; ვ.ზ) ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს; ვ.თ) იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა; ვ.ი) შერჩევის ზომა; ვ.კ) ცდომილების ფარგლები; ვ.ლ) ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე.   2016 წლის წინასაარჩვენო პერიოდში ,,საზოგადოებირვი აზრის კვლევები” პოლიტიკური პარტიბიეს რეიტინგებთან დაკავშირებით მსხვილმა მაუწყებლებმა დაუკვეთეს, მათგან ორზე ,,რუსთავი 2”-სა და ,,იმედზე” კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჩატვალა, რომ დაირღვა ,,საზოგადოებრივი აზრის გამოქვეყნების წესი”, რადგან ზემოთჩამოთვლილი 11 პუქნტიდა ყველა გამოქვეყნებული არ ყოფილა. სამართალდარღვევის ოქმი მათზეც შედგა და იმ მაუწყებლებზეც, რომლებმაც ,,რუსთავი 2-ის” და ,,იმედის” მიერ  გამოქვეყნებული კვლევები რეპორტაჟებში გამოიყენეს და აუდიტორიას კვლევებთან დაკავშირებით საზოგადოების, უმეტესად პოლიტიკოსთა მოსაზრებები შესთავაზეს.  სხვადასხვა რაიონულმა სასამართლომ (პირველმა ინსტანციამ) საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღო, მოსამართლეთა ნაწილმა დააჯარიმა მაუწყებელი, ნაწილი კი მხოლოდ მოსამრთლის ზეპირსიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, ისე, რომ სანქცირებისთვის არ მიუმართავს.  ამ პროცესების შემდეგ, არჩვენების დღეს მსხვილმა მაუწყებლებმა ეგზიტპოლების შედეგების გამოაქვეყნეს, რომლებმაც ცესკოს საბოლოო შედეგებთან დაშვებულ ზღვარზე 3% მეტი ცდომილება აჩვენა. ამასთან გაცილებით დიდი იყო განსხვავება ერთი და იგივე მეთოდოლოგიით ჩატარებული სხვადასხვა ეგზიტპოლს შორის. შესაბამისად ბუნდოვანი დარჩა, რამდენად დგას მაუწყებელთა პასუხისმგებლობა დღის წესრიგში  ამ პუქნტების ვერდაცვის გამო: ,,უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ; იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა;”  

გაიგეთ მეტი

საარჩევნო კოდექსის დარღვევა - სარჩელი ტელეკომპანია "ზარში"

31 ოქტომბერი 2016

აღწერილობითი ნაწილი 2016 წლის 21 სექტემბერს, ტელე-რადიო-პრესკომპანია „ზარის“ ეთერში დაგეგმილ წინასაარჩევნო დებატებიის შესახებ, პრეტენზია გამოთქვა პოლიტიკური გაერთიანება „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა სამტრედიაში, პაატა მანჯგალაძემ.  საქმე ეხებოდა გადაცემის ფორმატს, რომლის მიხედვითაც წინასაარჩევნო სატელევიზიო დებატების ფორმატის თანახმად, მასში მონაწილეობა მხოლოდ კვალიფიციური სუბიექტების მაჟორიტარობის კანდიდატებს უნდა მიეღოთ. მანჯგალაძე მიიჩნევდა, რომ ტელევიზიის მხრიდან ადგილი ჰქონდა შერჩევითობას კანდიდატების მიმართ და მას, როგორც მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატს, არ ეთმობოდა ტრიბუნა მოსახლეობისათვის საკუთარი პროგრამისა და გეგმების გასაცნობად. მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 23-ე მუხლის დარღვევას, სადაც აღნიშნულია, რომ მაუწყებლები ვალდებულები არიან, თანაბარი დრო დაუთმონ კანდიდატებს.  კონკრეტულ დებატებში ეთერის დათმობის მოთხოვნით მანჯგალაძემ ტელევიზიის წარმომადგენლებს რამდენჯერმე მიმართა, სადაც მას, პრეტენზიის ქონის შემთხვევაში, თვითრეგულირების ორგანოში სარჩელის შეტანისაკენ მოუწოდეს, თუმცა კანდიდატმა ტელევიზიისადმი წერილობით მიმართვაზე უარი განაცხადა. ტელე-რადიო-პრესკომპანია ზარმა აღნიშნული პრეტენზიის განხილვა თვითრეგულირების ორგანოში საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა.     სამოტივაციო ნაწილი პრეტენზიის განხილვა მოხდა „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-6-წე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-5-ე მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, პაატა მანჯგალაძე მიიჩნევა დაინტერესებულ პირად, რომელსაც სურვილის შემთხვევაში შეეძლო, მიემართა საბჭოსთვის სარჩელით. სატელევიზიო დებატები პოლიტიკური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის, ტელე-რადიო-პრესკომპანია „ზარის“ ეთერში, „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ პროექტის ფარგლებში დაიგეგმა, რომლის მიზანიც ყველა ტელევიზიაში თითო წინასაარჩევნო დებატის გამართვას წარმოადგენდა. პარტიათა და კანდიდატთა სიმრავლის გამო, გადაწყდა, რომ თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით, დებატებში მონაწილება მიეღოთ მხოლოდ კვალიფიციური სუბიექტების („ქართული ოცნება,“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ „ეროვნული ფორუმი,“ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი,“ „თავისუფალი დემოკრატები,“ „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა,“ „რესპუბლიკური პარტია,“ „ლეიბორისტული პარტია,“ „მრეწველები.“) მიერ წარდგენილ კანდიდატებს. შერჩევის პროცესში თავად მაუწყებლები არ მონაწილეობდნენ. „ზარის“ ეთერში გადაცემა 21 სექტემბერს დაიგეგმა. ტელევიზიის თანამშრომლებმა, დებატებში მონაწილეობის შესახებ მოწვევა შეცდომით გაუგზავნეს არჩევნებში მონაწილე არაკვალიფიციურ სუბიექტს - ბლოკ „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელს. მოგვიანებით, შეცდომის გარკვევის შემდეგ, კვლავ დაუკავშირდნენ, აუხსნეს მდგომარეობა და ბოდიში მოიხადეს. 21 სექტემბერს, გადაცემის დღეს, ტელევიზიაში მოვიდნენ პარტიის ადგილობრივი შტაბის წარმომადგენლები, რომლებმაც პრეტენზია კიდევ ერთხელ გამოხატეს დებატების ფორმატისა და მასში მონაწილე სუბიექტების გამო და მაუწყებელი მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს. მათ განაცხადეს, რომ ტელევიზიის მიერ კანდიდატის სპეციალურად დაბლოკვას ჰქონდა ადგილი. პაატა მანჯგალაძემ იმის გასარკვევად, თუ რა ფორმატის იყო გადაცემა და ნამდვილად იყო თუ არა ფორმატი სხვების მიერ შერჩეული, დარეკა როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ახალი ამბების რედაქტორთან. მას დეტალურად განემარტა, თუ რატომ იქნენ შერჩეულები კონკრეტული დებატებისათვის კვალიფიციური სუბიექტები. რაც შეეხება მის მონაწილეობას, ტელევიზიის მიერ მოწყობილ სხვა დებატებში მისი მოწვევა ტელევიზიის პრეროგატივა იყო.  მოგვიანებით, მანჯგალაძეს კიდევ ერთხელ განემარტა გადაცემის ფორმატი მაუწყებლის მხრიდან, რის შემდეგაც მან ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ პრეტენზია აღარ აქვს.   დასკვნა არხს არ დაურღვევია არც მაუწყებელთა ქცევის კოდექსი და არც საარჩევნო კოდექსის არც ერთი ზემოთ აღნიშნული პუნქტი. ვინაიდან, კონკრეტული გადაცემის მომზადებისას ის სპეციალურად შერჩეული და გაცხადებული ფორმატით ხელმძღვანელობდა. ამასთან, დებატების გარდა, პერმანენტულად შუქდებოდა როგორც ბლოკ, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“ კანდიდატების, ასევე სხვა არაკვალიფიციური სუბიექტების წინასაარჩევნო აქტივობები.  

გაიგეთ მეტი

ხშირად დასმული 3 კითხვა წინასაარჩევნოდ

31 ოქტომბერი 2016

-       ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც კვალიფიციური სუბიექტია, გამოთქვამს პრეტენზიას, რომ ჩვენ არ ვაშუქებთ მათ შეხვედრებს ამომრჩევლებთან ქალაქის სხვადასხვა უბანში. რამდენად საფუძვლიანია მათი პრეტენზია? ვალდებულნი ვართ, ყველა საუბნო შეხვედრა გავაშუქოთ? -       მაუწყებელი დამოუკიდებელია თავის სარედაქციო გადაწყვეტილებაში, ჟურნალისტური სტანდარტებით კი ცალკეულ მოვლენას უნდა ჰქონდეს არგუმენტირებული საფუძველი, რაც მას გაშუქების საგნად აქცევს. მთავარია უპასუხოთ კითხვას - რამდენად აქვს საინფორმაციო ღირებულება ამა თუ იმ წინასაარჩვენო შეხვედრას. ხშირ შემთხვევაში რეპორტაჟები, რომლებიც ამგვარ შეხვედრებს ასახავენ, ზედაპირულია და საინფორმაციო თვალსაზრისით - უინტერესო. ქცევის კოდექსი, ისევე როგორც საარჩევნო კოდექსი, ამბობს, რომ კერძო მაუწყებელი, რომელიც ახორციელებს საერთო მაუწყებლობას და აშუქებს არჩევნებს ვალდებულია, კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებსა და მათ კანდიდატებს თანაბრად დაუთმოს საეტერო დრო, ისე, რომ მათ შეძლოს ამომრჩველის ინფორმირება საკუთარი პოლიტიკური პროგრამის, პოზიციების და კვალიფიციურობის შესახებ. ამასთან, თანაბრობა არ გულისხმობს ზუსტი დროით თანაბრობას, არამედ უფრო მნიშვნელოვანია შინაარსობრივი თანაბრობის მიღწევა. შესაბამისად, მაუწყებელს არ აქვს ვალდებულება გააშუქოს ყველა შეხვედრა, რომელსაც კი ესა თუ ის კვალიფიციური საარჩვენო სუბიექტი წინასაარჩევნოდ ატარებს, თუმცა ამასთან თითოეული ამგვარი აქტივობა უნდა იყოს სარედაქციო მსჯელობის საგანი - რამდენად საჭიროა მათი გაშუქება ამომრჩეველთა სათანადო ინფორმირებისთვის.  -       ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი არ არის, ითხოვს წინასაარჩევნო დებატებში მონაწილებას. დებატების ფორმატი ჩვენ წინასწარ განვსაზღვრეთ და კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს ვიწვევთ. არხის შესაძლებლობები შეუძლებელია გაწვდეს არაკვალიფიცურ სუბიექტებს ანაბრად, რადგან ასეთ სუბიექტთა რაოდენობა ბევრია. ჩვენ საინფორმაციო პროგრამებში ვცდილობთ ავსახოთ მათი აქტივობებიც. ვარღვევთ რამეს, როცა მათ დროს სადებატო პროგრამაში არ ვუთმობთ? -       როგორც ქცევის კოდექსი, ისე საარჩვენო კოდექსი ითხოვს კვალიფიციურ საარჩვენო სუბიექტთა თანაბარ გაშუქებას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ე.წ. არაკვალიფიცური საარჩვენო სუბიექტები მედიის მიერ არ შუქდებოდეს. ქცევის კოდექსში პირდაპირ არის მითითებული, რომ მაუწყებლი,,ასევე უნდა აშუქებდეს იმ პოლიტიკური პარტიების საქმიანობასაც, რომლებიც მონაწილებენ არჩევნებში, უნდა აძლევდეს მათ შესაძლებლობას გააკეთონ კომენტარი. რა ფორმით უზრუნველყოფს აღნიშნულს მაუწყებელი, ეს თავად არხის და რედაქციის გადასაწყვეტია. რახან თქვენი არხის მიერ წინსწარ იყო დეკლარირებული და გამჭვირვალე - ვის ეთმობოდა სადებატო სივრცე და ამასთან მაუწყებელი ახერხებს არაკვალიფიციური სუბიექტების გაშუქებასაც საინფორმაციო პროგრამებში, პრეტენზია თქვენი არხის მიმართ პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან უსაფუძვლოა. -       მაქვს თუ არა უფლება დავრჩე ტელევიზიის ჟურნალისტად და თან დროებით, შეთავსებით ვიმუშავო ერთ-ერთი დეპუტატობს კანდიდატის PR სამსახურში. - ქცევის კოდექსი ცალსახად ამბობს, რომ მაუწყებლის მთავარი ფუქნციაა ,,ზუსტი, მიუკერძოებელი და სამართლიანი გაშუქება”, რაც შეუძლებელი იქნება თუ პირი ერთდროულად მედიის წარმომადგენელია და თან პოლიტიკური სუბიექტის PR საქმიანობით არის დაკავებული. ეს ცხადი ინტერესთა კონფლიქტია, რაც ეწინააღმდეგება როგორც ეთიკურ სტანდარტებს, ისე კანონის სულისკვეთებას.  

გაიგეთ მეტი

სააპელაციოს გადაწყვეტილება და მაუწყებლის გაფრთხილება

28 სექტემბერი 2016

ტელეკომპანია ,,პალიტრა ნიუსის” თვითრეგულირების სააპელაციო ორგანომ, სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა და პირველი ინტსანციის თვითრეგულირების საბჭოსგან განსხვავებით დაადგინა, რომ  2016 წლის 28 თებერვალს მაუწყებლის ეთერში გასულ თოქ-შოუში "ფალავანდიშვილთან - საგანი "მე და საზოგადოება” დაირღვა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიუკერძოებლობის პრინციპი. ასევე მე-17 (1,2) და 33-ე მუხლები, რადგან გადაცემაში არ იყო წარმოდგენილი მონაწილეთა ფართო სპექტრი და ადგილი ჰქონდა სიძულვილის ენასა და დისკრიმინაციას.  მიუხედავად საჩივრის დაკმაყოფილებისა, შპს პალიტრა TV  -მ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან წერილობითი გაფრთხილება მიიღო. თვითრეგულირების მიერ საქმის განხილვის შემდეგ, რაზეც medicouncil.ge უკვე წერდა, კომისიამ შეისწავლა საქმის განხილვის პროცედურები და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა პროცედურების დარღვევას. ქცევის კოდექსით სააპელაციო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღება 30 დღის ვადაში. თუ გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია 30 დღეზე მეტი ვადა, სააპელაციო ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება ვადის გაზრდის თაობაზე და აცნობოს ამის შესახებ ყველა დაინტერესებულ პირს. მართალია, „პალიტრა ნიუსმა“ საჩივრის განხილვის მიზნით ვადა ითხოვა, თუმცა ეს ტელეკომპანიამ კომისიის ინფორმაციით წერილით მოითხოვა მას შემდეგ, რაც სააპელაციო საჩივრის წარდგენიდან ორ თვეზე მეტი იყო უკვე გასული. შპს Palitra TV -ი medicouncil-ს დაუკავშირდა და განმარტა, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს თვითრეგულირების ორგაოების, როგორც პირველი ისე მეორე ინსტანციის საბჭოების დებულების ერთობლივი შემუშავება, იმგვარად, რომ დაზუსტდეს საბჭოს წევრთა ვალდებულებებიც, მათ შორის საქმეების განხილვი ვადებთან დაკავშირებით, რადგან განხილვის დაგვიანება ამ შემთვევაში Palitra TV -ს  განმარტებით, სააპელაციო ორგანოს წევრთა მოუცლელობამ განაპირობა. Mediaconcil-ი Palitra TV -სთან ერთად გეგმავს საბჭოების ეფექტიანი ფუნქციონირებისთვი მექანიზმების დოკუმენტურ დაზუსტებებს.

გაიგეთ მეტი

საჩივარი თვითრეგულირებას - არასწორი ტერმინით მოხსენიება კადრ-სინქრონში

07 სექტემბერი 2016

აღწერილობითი ნაწილი 2014 წლის 15 ივნისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, ახალციხის „მეცხრე არხმა,“ დღის საინფორმაციო გამოშვებაში ეთერში გაუშვა კადრ-სინქრონი იმის შესახებ, რომ „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ წარმომადგენელმა, ახალციხის  #30-ე საარჩევნო უბანზე გაფრთხილება მიიღო. კადრ-სინქრონში კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავდა, რომ ნინო ბაღდოშვილს მთელი დღის მანძილზე სურდა უბანზე დარჩენა, რასაც კანონი უკრძალავდა. მისივე განმარტებით, პარტიის წარმომადგენელს რამდენჯერმე მიუთითეს ბაღდოშვილის უბნის დატოვებისაკენ. თავდაპირეველად ის ახალციხის საარჩევნო კომისიისა და #30-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარეების, თეა გავაშელისა და ზურაბ ანანიაშვილის მოთხოვნას დაემორჩილა, თუმცა მოგვიანებით იმავე უბანზე დაბრუნდა. განმარტების თანახმად, ნინო ბაღდოშვილს სურდა, პარტიის წარმომადგენელი ჩაენაცვლებინა. კადრ-სინქრონში განმარტებული იყო, რომ საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილი, პარტიის წარმომადგენელს მთელი დღის განმავლობაში უბანზე ყოფნას უზღუდავს. მიუხედავად ამისა, ამბობდა, ნინო ბაღდოშვილი ამბობდა, რომ მას კანონი არ დაურღვევია.   საჩივარი „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ წარმომადგენელი, ნინობაღდოშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ოლეგ სანდროშვილის მეუღლეა. კადრ-სინქრონის პირველად ვერსიაში ის მოხსენიებული იყო როგორც ოლეგ სანდროშვილის ცოლი. მხარის უკმაყოფილება ტერმინმა „ცოლმა“ გამოიწვია, რის გამოც მომჩივნებმა უკმაყოფილება გამოთქვეს მაუწყებლის თანამშრომლებთან და მოითხოვეს მისი ტერმინ „მეუღლით“ ჩანაცვლება. აღნიშნული კადრ-სინქრონი არამხოლოდ ეთერში გავიდა, არამედ ვებ-გვერდზეც დაიდო. შესწორება მომჩივნმა მხარემ საიტზეც და ეთერშიც მოითხოვა.   შედეგი მომჩივნებს ოფიციალური საჩივრით ტელევიზიისათვის არ მიუმართავთ, თუმცა ახალციხის ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ თვითრეგულირების საბჭომ და სარედაქციო კოლეგიამ, საკუთარი ინციიატივით იმსჯელა მომხდარზე. საერთო გადაწყვეტილებით მათ სწორად მიიჩნიეს შენიშვნა და კადრ-სინქრონის, მოგვიანებით კი სიუჟეტის გასწორება მოხდა როგორც გადაცემის შემდეგ საინფორმაციო გამოშვებებში, ასევე ვებ-გვერდზე.  

გაიგეთ მეტი

თვითრეგულრების მექანიზმის ზოგადი მდგომარეობა რეგიონულ მაუწყებლებში

01 სექტემბერი 2016

საკანონმდებლო სისტემა 2009 წელს, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიღების შემდეგ, მაუწყებლებს თვითრეგულირების მექანიზმის შექმნა დაევალათ, რაც ტელევიზიის შიგნით საბჭოს შექმნას გულისხმობდა,  რომელიც თანამშრომლებით დაკომპლექტდებოდა და მაყურებლის მხრიდან პრეტენზიის შემთხვევაში საჩივარს განიხილავდა. საბჭოების შექმნა ეროვნულ მაუწყებლებს ექვსი თვის, ხოლო რეგიონულ მაუწყებლებს ერთი წლის განმავლობაში დაევალათ. კანონმდებლობით გაწერილი პროცედურის თანახმად, შემოსული საჩივრის განხილვის ვალდებულება მაუწყებლებს 21 დღის ვადაში აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვალდებულები არიან დაასაბუთონ გადაწყვეტილება განხილვის ვადის გაზრდის თაობაზე და ყველა დაინტერესებულ პირსაც აცნობონ. თვითრეგულირების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მომჩივანს, ამავე მაუწყებლის მიერ შექმნილ სააპელაციო ორგანოში შვიდი დღის მანძილზე შეუძლია. „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებსაც, თუ ვინ შეიძლება იყოს თვითრეგულირებისა და სააპელაციო ორგანოს წევრი. არ შეიძლება საბჭოში შევიდეს საჯარო მოხელე ან პოლიტიკური პარტიის წევრი. თვითრეგულირების ორგანო დაკომპლექტებული უნდა იყოს მიუკერძოებელი და კომპეტენტური ადამიანებით. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში, საჩივრის განხილვის დროს, დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, კომისიის ამა თუ იმ წევრს აცილება მისცეს. წევრის აცილების შემთხვევაში, გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით  მიიღება. ხმათა გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. გადაწყვეტილება 30 დღის განმავლობაში უნდა იქნეს მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, საბჭოს დასაბუთების ვალდებულება აქვთ. საჩივრების განხილვის შემთხვევაში თვითრეგულირებისა და სააპელაციო ორგანოების კომისიებმა უნდა უზრუნველჰყონ ყველა დაინტერესებული პირის დასწრება. საჩივრებთან დაკავშირებით, მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული. თვითრეგულირებასთან ერთად, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ ანგარიშვალდებულების ნაწილსაც მოიცავს. მაუწყებლები ვალდებულები არიან, წელიწადში ერთხელ ჩაატარონ თვითრეგულირების სისტემის აუდიტი და ეროვნულ კომისიას ყოველწლიურად წარუდგინონ ის. საანაგარიშო პერიოდი 1 მაისით არის განსაზღვრული. ანგარშში თავმოყრილია ინფორმაცია თვითრეგულირების მექანიზმში შესული საჩივრების, განცხადებებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. კანონმდებლობა მაუწყებლებს ავალდებულებს, საჩივართა განხილვის პროცესი გამჭვირვალედ წარმართონ, თუმცა ის არ შეიცავს კონკრეტულ პუნქტებს, რომელიც ვალდებულებას უზრუნველჰყოფს. აქედან გამომდინრე, მაუწყებლები წლის განმავლობაში შესულ საჩივრებს, თვითრეგულირებისა და სააპელაციო ორგანოს წევრთა ვინაობას, მიღებულ გადაწყვეტილებას და ა.შ. მხოლოდ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წარუდგენენ. კანონი მაუწყებლებს არც თვითრეგულირების შესახებ ინფორმაციის საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებას ავალდებულებს.   თვითრეგულიების მექანიზმის მუშაობა რეგიონულ მაუწყებლებში შვიდი წლის მანძილზე აღმოჩნდა, რომ ტელევიზიებს მხოლოდ რამდენიმე საქმე აქვთ განხილული. მათგან ყველაზე ხმაურიანი, ბათუმის 25-ე არხის თვითრეგულირებაში შეტანილი საჩივარი აღმოჩნდა. 2012 წელს ზვიად ქორიძემ საბჭოს „ობიექტივის“ გადაცემა „ღამის სტუდიის“ 19 მარტის გამოშვებისათვის მიმართა (აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში 25-ე არხი ეთერს „ობიექტივს“ უთმობდა). ქორიძე ამბობდა, რომ გადაცემაში მისი მოსაზრებების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა, რასაც მოგვიანებით შეურაცხმყოფელი განცხადებებიც დაერთო. საბჭომ განხილვისას მიიჩნია, რომ დარღვევას მართლაც ჰქონდა ადგილი და ქორიძის საჩივარი დაკმაყოფილდა.  ტელეკომპანია „იმერვიზიაში“ შესული ერთ-ერთი საჩივარი კი სიუჟეტში წარმოჩენილი წყაროს კომპეტენციას და მოპასუხე მხარისათვის არასათანადოდ დათმობილ დროს ეხებოდა. მოგვიანებით, ყველა მხარეს მიეცა საშუალება, დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება. აქამდე, მაუწყებლები, ძირითადად, თვითრეგულირების არაპირდაპირ გზას ამჯობინებდნენ. პრეტენზიის შემთხვევაში მაყურებლები მაუწყებლის ჟურნალისტთან ან პასუხისმგებელ პირთან რეკავდნენ და ამ გზით აგვარებდნენ პრობლემურ საკითხს, რადგან საჩივრის დაწერა თუ საბჭოსთან კომუნიკაცია დროში გაწელილი პროცესია და მაყურებლები უფრთხიან. ამასთან, პირად ნაცნობობას პატარა ქალაქებსა და რეგიონებში მნიშვნელოვანი წილი აქვს. აქვე აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმში ჩივლის ნაცვლად, სარჩელი, უმეტესად, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“ მიაქვთ. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ტელევიზიის შიდა საბჭოს მაყურებელი ნაკლებად ენდობა მაშინ, როდესაც ქარტიისადმი მოქალაქეების ნდობა გაცილებით მაღალია. რეგიონული მაუწყებლების დიდი ნაწილი ამბობს, რომ მათი საქმიანობისადმი მოსახლეობას პრეტენზიები იშვიათად აქვს. ასეთის არსებობის შემთხვევაში კი სოციალურ ქსელებსა და სატელეფონო ზარების შემთხვევებიც იშვიათია. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რეგიონული ტელევიზიების გარკვეულ ნაწილში, თვითრეგულირების მექანიზმის შექმნიდან დღემდე საჩივარი არ შესულა. რაც შეეხება პრეტენზიებს, მათი დიდი ნაწილი სახელისა და გვარის სწორად მითითებას, მათთვის სიუჟეტში გამოყოფილ დროს თუ მორბენალ სტრიქონში არასწორად მითითებულ ინფორმაციას უკავშირდება. შინაარსობრივ საკითხებზე დავა არხთან მოსახლეობას ნაკლებად აქვს, რაც, შესაძლოა, ინფორმაციის ნაკლებობად მივიჩნიოთ. კიდევ ერთი სირთულე თვითრეგულირების მექანიზმის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება. რეგიონულ მაუწყებლებს შორის არხი, რომელსაც გვერდზე საბჭოს შესახებ ინფორმაცია უდევს, ბათუმის 25-ე არხია. ამის მიუხედავად, ტელევიზიათა დიდ ნაწილში მაუწყებლის შიდა განაწესსა და შრომით ხელშეკრულებებში მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დაცვას დებს, რაც ეროვნული მაუწყებლებისგან განსხვავებით, ნოვაციაა. რეგიონულ მაუწყებლებში სიუჟეტებისა თუ არასწორი ინფორმაციის შესწორების პრობლემა არასოდეს დგას. მათი უმეტესობა შეცდომას მალევე ასწორებს და ბოდიშსაც იხდის. ყველა მაუწყებლის წარმომადგენელი აღნიშნავს, მთავარი პრობლემა არა კომუნიკაციის, არამედ, მისი არაფორმალობის ბრალია.     ძირითადი გამოწვევები მაუწყებელთა ნაწილი არ აკეთებს თვითრეგულირების მექანიზმის პოპულარიზაციას რადგან მიაჩნია, რომ ნაკლები საჩივარი მაუწყებლის იმიჯისათვის უკეთესია. ამასთან, მაყურებელი მიჩვეულია, ვერბალურ კომუნიკაციას, რაც სატელეფონო ზარებსა თუ სოციალური ქსელების საშუალებით კონტაქტში გამოიხატება. თვითრეგულირების საბჭოსადმი  მიმართვა, საჩივრის წერა და  გარკვეული პერიოდით პასუხზე ლოდინი საჩივრებზე თავის შეკავების მიზეზი ხდება. მაუწყებლები მიიჩნევენ, რომ ერთობლივი კოორდინაციით, სოციალური რგოლებითა და მოსახლეობასთან შეხვედრით, თვითრეგულირების მექანიზმის გააქტიურებას შეძლებენ. რეგიონებში ჩატარებული შეხვედრებიდან და მოსახლეობის ინტერესიდან გამომდინარე, თვითრეგულირების მექანიზმების უფრო ეფექტიანად ქცევა განსაკუთრებული სირთულის ამოცანა არ არის.    

გაიგეთ მეტი