პრაქტიკა

საჩივარი თვითრეგულირებას - არასწორი ტერმინით მოხსენიება კადრ-სინქრონში

07 სექტემბერი 2016

აღწერილობითი ნაწილი 2014 წლის 15 ივნისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, ახალციხის „მეცხრე არხმა,“ დღის საინფორმაციო გამოშვებაში ეთერში გაუშვა კადრ-სინქრონი იმის შესახებ, რომ „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ წარმომადგენელმა, ახალციხის  #30-ე საარჩევნო უბანზე გაფრთხილება მიიღო. კადრ-სინქრონში კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავდა, რომ ნინო ბაღდოშვილს მთელი დღის მანძილზე სურდა უბანზე დარჩენა, რასაც კანონი უკრძალავდა. მისივე განმარტებით, პარტიის წარმომადგენელს რამდენჯერმე მიუთითეს ბაღდოშვილის უბნის დატოვებისაკენ. თავდაპირეველად ის ახალციხის საარჩევნო კომისიისა და #30-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარეების, თეა გავაშელისა და ზურაბ ანანიაშვილის მოთხოვნას დაემორჩილა, თუმცა მოგვიანებით იმავე უბანზე დაბრუნდა. განმარტების თანახმად, ნინო ბაღდოშვილს სურდა, პარტიის წარმომადგენელი ჩაენაცვლებინა. კადრ-სინქრონში განმარტებული იყო, რომ საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილი, პარტიის წარმომადგენელს მთელი დღის განმავლობაში უბანზე ყოფნას უზღუდავს. მიუხედავად ამისა, ამბობდა, ნინო ბაღდოშვილი ამბობდა, რომ მას კანონი არ დაურღვევია.   საჩივარი „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ წარმომადგენელი, ნინობაღდოშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ოლეგ სანდროშვილის მეუღლეა. კადრ-სინქრონის პირველად ვერსიაში ის მოხსენიებული იყო როგორც ოლეგ სანდროშვილის ცოლი. მხარის უკმაყოფილება ტერმინმა „ცოლმა“ გამოიწვია, რის გამოც მომჩივნებმა უკმაყოფილება გამოთქვეს მაუწყებლის თანამშრომლებთან და მოითხოვეს მისი ტერმინ „მეუღლით“ ჩანაცვლება. აღნიშნული კადრ-სინქრონი არამხოლოდ ეთერში გავიდა, არამედ ვებ-გვერდზეც დაიდო. შესწორება მომჩივნმა მხარემ საიტზეც და ეთერშიც მოითხოვა.   შედეგი მომჩივნებს ოფიციალური საჩივრით ტელევიზიისათვის არ მიუმართავთ, თუმცა ახალციხის ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ თვითრეგულირების საბჭომ და სარედაქციო კოლეგიამ, საკუთარი ინციიატივით იმსჯელა მომხდარზე. საერთო გადაწყვეტილებით მათ სწორად მიიჩნიეს შენიშვნა და კადრ-სინქრონის, მოგვიანებით კი სიუჟეტის გასწორება მოხდა როგორც გადაცემის შემდეგ საინფორმაციო გამოშვებებში, ასევე ვებ-გვერდზე.  

გაიგეთ მეტი

თვითრეგულრების მექანიზმის ზოგადი მდგომარეობა რეგიონულ მაუწყებლებში

01 სექტემბერი 2016

საკანონმდებლო სისტემა 2009 წელს, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიღების შემდეგ, მაუწყებლებს თვითრეგულირების მექანიზმის შექმნა დაევალათ, რაც ტელევიზიის შიგნით საბჭოს შექმნას გულისხმობდა,  რომელიც თანამშრომლებით დაკომპლექტდებოდა და მაყურებლის მხრიდან პრეტენზიის შემთხვევაში საჩივარს განიხილავდა. საბჭოების შექმნა ეროვნულ მაუწყებლებს ექვსი თვის, ხოლო რეგიონულ მაუწყებლებს ერთი წლის განმავლობაში დაევალათ. კანონმდებლობით გაწერილი პროცედურის თანახმად, შემოსული საჩივრის განხილვის ვალდებულება მაუწყებლებს 21 დღის ვადაში აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვალდებულები არიან დაასაბუთონ გადაწყვეტილება განხილვის ვადის გაზრდის თაობაზე და ყველა დაინტერესებულ პირსაც აცნობონ. თვითრეგულირების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მომჩივანს, ამავე მაუწყებლის მიერ შექმნილ სააპელაციო ორგანოში შვიდი დღის მანძილზე შეუძლია. „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებსაც, თუ ვინ შეიძლება იყოს თვითრეგულირებისა და სააპელაციო ორგანოს წევრი. არ შეიძლება საბჭოში შევიდეს საჯარო მოხელე ან პოლიტიკური პარტიის წევრი. თვითრეგულირების ორგანო დაკომპლექტებული უნდა იყოს მიუკერძოებელი და კომპეტენტური ადამიანებით. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში, საჩივრის განხილვის დროს, დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, კომისიის ამა თუ იმ წევრს აცილება მისცეს. წევრის აცილების შემთხვევაში, გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით  მიიღება. ხმათა გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. გადაწყვეტილება 30 დღის განმავლობაში უნდა იქნეს მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, საბჭოს დასაბუთების ვალდებულება აქვთ. საჩივრების განხილვის შემთხვევაში თვითრეგულირებისა და სააპელაციო ორგანოების კომისიებმა უნდა უზრუნველჰყონ ყველა დაინტერესებული პირის დასწრება. საჩივრებთან დაკავშირებით, მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული. თვითრეგულირებასთან ერთად, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ ანგარიშვალდებულების ნაწილსაც მოიცავს. მაუწყებლები ვალდებულები არიან, წელიწადში ერთხელ ჩაატარონ თვითრეგულირების სისტემის აუდიტი და ეროვნულ კომისიას ყოველწლიურად წარუდგინონ ის. საანაგარიშო პერიოდი 1 მაისით არის განსაზღვრული. ანგარშში თავმოყრილია ინფორმაცია თვითრეგულირების მექანიზმში შესული საჩივრების, განცხადებებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. კანონმდებლობა მაუწყებლებს ავალდებულებს, საჩივართა განხილვის პროცესი გამჭვირვალედ წარმართონ, თუმცა ის არ შეიცავს კონკრეტულ პუნქტებს, რომელიც ვალდებულებას უზრუნველჰყოფს. აქედან გამომდინრე, მაუწყებლები წლის განმავლობაში შესულ საჩივრებს, თვითრეგულირებისა და სააპელაციო ორგანოს წევრთა ვინაობას, მიღებულ გადაწყვეტილებას და ა.შ. მხოლოდ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წარუდგენენ. კანონი მაუწყებლებს არც თვითრეგულირების შესახებ ინფორმაციის საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებას ავალდებულებს.   თვითრეგულიების მექანიზმის მუშაობა რეგიონულ მაუწყებლებში შვიდი წლის მანძილზე აღმოჩნდა, რომ ტელევიზიებს მხოლოდ რამდენიმე საქმე აქვთ განხილული. მათგან ყველაზე ხმაურიანი, ბათუმის 25-ე არხის თვითრეგულირებაში შეტანილი საჩივარი აღმოჩნდა. 2012 წელს ზვიად ქორიძემ საბჭოს „ობიექტივის“ გადაცემა „ღამის სტუდიის“ 19 მარტის გამოშვებისათვის მიმართა (აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში 25-ე არხი ეთერს „ობიექტივს“ უთმობდა). ქორიძე ამბობდა, რომ გადაცემაში მისი მოსაზრებების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა, რასაც მოგვიანებით შეურაცხმყოფელი განცხადებებიც დაერთო. საბჭომ განხილვისას მიიჩნია, რომ დარღვევას მართლაც ჰქონდა ადგილი და ქორიძის საჩივარი დაკმაყოფილდა.  ტელეკომპანია „იმერვიზიაში“ შესული ერთ-ერთი საჩივარი კი სიუჟეტში წარმოჩენილი წყაროს კომპეტენციას და მოპასუხე მხარისათვის არასათანადოდ დათმობილ დროს ეხებოდა. მოგვიანებით, ყველა მხარეს მიეცა საშუალება, დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება. აქამდე, მაუწყებლები, ძირითადად, თვითრეგულირების არაპირდაპირ გზას ამჯობინებდნენ. პრეტენზიის შემთხვევაში მაყურებლები მაუწყებლის ჟურნალისტთან ან პასუხისმგებელ პირთან რეკავდნენ და ამ გზით აგვარებდნენ პრობლემურ საკითხს, რადგან საჩივრის დაწერა თუ საბჭოსთან კომუნიკაცია დროში გაწელილი პროცესია და მაყურებლები უფრთხიან. ამასთან, პირად ნაცნობობას პატარა ქალაქებსა და რეგიონებში მნიშვნელოვანი წილი აქვს. აქვე აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმში ჩივლის ნაცვლად, სარჩელი, უმეტესად, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“ მიაქვთ. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ტელევიზიის შიდა საბჭოს მაყურებელი ნაკლებად ენდობა მაშინ, როდესაც ქარტიისადმი მოქალაქეების ნდობა გაცილებით მაღალია. რეგიონული მაუწყებლების დიდი ნაწილი ამბობს, რომ მათი საქმიანობისადმი მოსახლეობას პრეტენზიები იშვიათად აქვს. ასეთის არსებობის შემთხვევაში კი სოციალურ ქსელებსა და სატელეფონო ზარების შემთხვევებიც იშვიათია. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რეგიონული ტელევიზიების გარკვეულ ნაწილში, თვითრეგულირების მექანიზმის შექმნიდან დღემდე საჩივარი არ შესულა. რაც შეეხება პრეტენზიებს, მათი დიდი ნაწილი სახელისა და გვარის სწორად მითითებას, მათთვის სიუჟეტში გამოყოფილ დროს თუ მორბენალ სტრიქონში არასწორად მითითებულ ინფორმაციას უკავშირდება. შინაარსობრივ საკითხებზე დავა არხთან მოსახლეობას ნაკლებად აქვს, რაც, შესაძლოა, ინფორმაციის ნაკლებობად მივიჩნიოთ. კიდევ ერთი სირთულე თვითრეგულირების მექანიზმის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება. რეგიონულ მაუწყებლებს შორის არხი, რომელსაც გვერდზე საბჭოს შესახებ ინფორმაცია უდევს, ბათუმის 25-ე არხია. ამის მიუხედავად, ტელევიზიათა დიდ ნაწილში მაუწყებლის შიდა განაწესსა და შრომით ხელშეკრულებებში მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დაცვას დებს, რაც ეროვნული მაუწყებლებისგან განსხვავებით, ნოვაციაა. რეგიონულ მაუწყებლებში სიუჟეტებისა თუ არასწორი ინფორმაციის შესწორების პრობლემა არასოდეს დგას. მათი უმეტესობა შეცდომას მალევე ასწორებს და ბოდიშსაც იხდის. ყველა მაუწყებლის წარმომადგენელი აღნიშნავს, მთავარი პრობლემა არა კომუნიკაციის, არამედ, მისი არაფორმალობის ბრალია.     ძირითადი გამოწვევები მაუწყებელთა ნაწილი არ აკეთებს თვითრეგულირების მექანიზმის პოპულარიზაციას რადგან მიაჩნია, რომ ნაკლები საჩივარი მაუწყებლის იმიჯისათვის უკეთესია. ამასთან, მაყურებელი მიჩვეულია, ვერბალურ კომუნიკაციას, რაც სატელეფონო ზარებსა თუ სოციალური ქსელების საშუალებით კონტაქტში გამოიხატება. თვითრეგულირების საბჭოსადმი  მიმართვა, საჩივრის წერა და  გარკვეული პერიოდით პასუხზე ლოდინი საჩივრებზე თავის შეკავების მიზეზი ხდება. მაუწყებლები მიიჩნევენ, რომ ერთობლივი კოორდინაციით, სოციალური რგოლებითა და მოსახლეობასთან შეხვედრით, თვითრეგულირების მექანიზმის გააქტიურებას შეძლებენ. რეგიონებში ჩატარებული შეხვედრებიდან და მოსახლეობის ინტერესიდან გამომდინარე, თვითრეგულირების მექანიზმების უფრო ეფექტიანად ქცევა განსაკუთრებული სირთულის ამოცანა არ არის.    

გაიგეთ მეტი

დაინტერესებული მხარე - „მეგა TV -სა“ და „პალიტრა TV-ს“ საქმეები

25 აგვისტო 2016

ინტერესის ქონა კარგია, რაც გაინტერესებს ის ყოველთვის მნიშვნელოვანია. ტერმინი ,,დაინტერესებული მხარეც” ზუსტადაა შერჩეული იმ პირის, ან პირთა ჯგუფის აღმნიშვნელად, რომელიც დაინტერესებულია მედიის საქმიანობით, და როცა ამჩნევს გადაცდომას, ცდილობს მედიასაშუალების საქმიანობის გაუმჯობესებას, მიმართავს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს და მასთან ერთად განიხილავს - რა და როგორ გაშუქდა? როგორ ჯობდა გაშუქებულიყო?   ტერმინი "დაინტერესებული მხარე" მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ტერმინ ,,დაინტრესებულ მხარს/პირს” ასე განმარტავს: ,,ნებისმიერი პირი, რომელსაც ეხება ან რომელიც ნახსენებია პროგრამაში ან მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებაში.” ამგვარ პირს ან პირთა ჯგუფს უფლება აქვს ეთერში საწყისი განცხადების გაკეთებიდან, მათ შორის ფაქტის მოყვანიდან 10 დღის ვადაში მიმართოს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს. განცხადებას მაუწყებელი 21 დღის ვადაში განიხილავს (მეტი დროის საჭიროებაზე დამატებითი განმარტებებია აუცილებელი), თუმცა საინტერესოა, როგორია თავად ამგვარი განხილვის პრაქტიკა და ,,დაინტერესებული პირის” ჩართულობა განხილვის პროცესში?. კოდექსში ,,საჩივრის განხილვის” მუხლში მოხსენიებულია ,,გამჭვირვალე პროცესი”, თუმცა აღარ ვხვდებით გამჭვირვალობის მექანიზმების დეტალიზებას, ამიტომ პრეცენდენტებს ამ კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვთ. საქართველოში ამ მხრივ პრაქტიკის სიმწირის მიუხედავად, მაინც ვხვდებით მნიშვნელოვან, პრეცენდენტულ საქმეებს. მათ შორისაა შპს ,,ტელეკომპანია რიონის” გენერალური დირექტორის საჩივარი შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია "მეგა TV-ს" ეთერში გადაცემული პროგრამის გამო.   აღწერილობითი ნაწილი #1 2015 წლის 18 თებერვალს „მეგა TV-ს“ ეთერით გადაიცა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომის ვიდეოჩანაწერი, სადაც ტელეკომპანია ,,რიონის” გენერალური დირექტორის ყველა სიტყვით გამოსვლას ახლდა წარწერა ,,ცრუ ინფორმაცია”. იმავე დღეს იმავე არხზე სხვა პროგრამაში- ,,შუადღე ქუთაისში” ,,მეგა TV-ს” წამყვანმა გააკეთა ტელეკომპანია ,,რიონის” შეურაცხმყოფელი დასკვნა და აღნიშნა, რომ  ,,რიონი განვითარების იმავე დონეზე დარჩა, როგორც იყო წლების წინ”. ამასთან, ტელეკომპანია ,,რიონის” წარმომადგენელთა განმარტებით, ,,მეგა TV-ს” არუცდია ,,რიონის” წარმომადგენლებისგან კომენტარების აღება. საყურადღებო იყო განხილვის პროცედურები: ტელეკომპანია ,, რიონის” დირექტორმა ,,მეგა TV-ს” თვითრეგულირების ორგანოს კოდექსით განსაზღვრულ ვადებში მიმართა. განმცხადებელმა მოგვიანებით შეიტყო, რომ 2015 წლის 10 მარტს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია ,,მეგა TV-ს” ეთიკის საბჭომ განიხილა ტელერადიოკომპანია ,,რიონის” საჩივარი და უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე - ,,უსაფუძვლობის გამო”. საყურადღებოა ის გარემოება, რომ შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია ,,მეგა TV-ს”  არ უცნობებია შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ საჩივრის განხილვის თარიღი და არ გადაუგზავნია ეთიკის საბჭოს სხდომის ოქმი. 2015 წლის 16 მარტს შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“ მიმართა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია ,,მეგა TV-ს” დირექტორს, მოითხოვა თვითრეგულირების საბჭოს სხდომის ოქმი და საკითხის განხილვა სააპელაციო კომისიაში. ამ განცხადებაზე შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“ საერთოდ ვერ მიიღო პასუხი. ამის შემდეგ, ,,რიონის” ინიციატივით განხილვამ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გადაინაცვლა, რის საფუძველს უკვე მაუწყებლობის შესახებ კანონიც იძლეოდა, რომლის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ,,მაუწყებელი ვალდებულია შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას”. ეროვნულმა კომისიამ შეისწავლა, რამდენად ,,ეფექტიანი” იყო ,,მეგა TV-ს” მიერ საქმის განხილვა, დააკვირდა სწორედ ,,დაინტერესებული პირის” ჩართულობას პროცესში და პრეცენდენტული გადაწყვეტილებაც მიიღო - დაადგინა, რომ ,,მეგა TV-ს” მიერ იყო დარღვეული მაუწყებლობის კანონის შესაბამისი მუხლი. საყურადღება კომისიის განმარტება: ,,კომისიას მიაჩნია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14-ე მუხლით გათვალისწინებული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის არსებობის მიზანს,  ერთი მხრივ, წარმოადგენს მაუწყებლისთვის, ამავე კანონით გათვალისწინებულ, რიგ შინაარსობრივ ვალდებულებებთან დაკავშირებით მაქსიმალური დამოუკიდებლობის მინიჭება, რაც გამოიხატება თავად მაუწყებლის მიერ საჩივრის განხილვაში და, მეორე მხრივ,  მაუწყებლის, როგორც საჯარო ფუნქციების განმახორციელებელი კერძო სამართლის სუბიექტისთვის ვალდებულების დაკისრება, რომ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსითა“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რიგ შინაარსობრივ ვალდებულებებთან დაკავშირებით მაუწყებელში წარდგენილი საჩივრის განხილვა უზრუნველყოფილ იქნას თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში გამჭვირვალედ, ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით.  სწორედ დაინტერესებული მხარის მონაწილეობით საკითხის განხილვა და მისთვის შესაბამისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების წარდგენის საშუალების მიცემა წარმოადგენს იმ ერთ-ერთ ფაქტორს, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას. ადმინისტრაციული წარმოების მასალებით უტყუარად დასტურდება, რომშ პს „დამოუკიდებელ ტელეკომპანი ,,მეგა TV-ს” არ უზრუნველუყვია შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წარმომადგენლების მოწვევა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, ეთიკის საბჭოში საკითხის განხილვის დროს (აღნიშნული კომისიის სხდომაზე დაადასტურა ასევე შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია ,,მეგა TV-ს” წარმომადგენელმა ქალბატონმა ნანა თოშხუამ) და, შესაბამისად, ეთიკისსაბჭოსმიერგადაწყვეტილებისმიღებამოხდადაინტერესებულიმხარის, შპს „ტელერადიოკომპანიარიონის“ მონაწილეობისგარეშე, რაცკომისიისაზრით, განსახილველ შემთხვევაში გამორიცხავს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია ,,მეგა TV-ს” თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას”. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ ბმულს.   აღწერილობითი ნაწილი #2 ,,რიონის” და ,,მეგა TV-ს” საკითხის განხილვის შემდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ,,დაინტერესებული მხარის” მონაწილეობასა და თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობაზე კიდევ ერთი, მსგავსი საჩივარი მოხვდა ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციები ჩიოდნენ  ,,პალიტრა TV “ ს წინააღმდეგ. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიამდე არასამთავრობო ორგანიაციებმა ((ა(ა)იპ „საფარი“, ა(ა)იპ „იდენტობა“, ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ და ა(ა)იპ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“) "პალიტრა TV-ს" თვითრეგულირების ორგანოს გადაცემის თაობაზე ,,ფალავანდიშვილთან - საგანი მე და საზოგადოება” მიმართეს. განმცხადებელთა აზრით გადაცემა დისკრიმინაციული იყო. "პალიტრა TV -მ" განსაზღვრულ ვადებში განიხილა არასამთავრობოთა საჩივარი, თუმცა განხილვაზე განმცხადებლები არ მიუწვევია და არც საჩივარი დაუკმაყოფილებია.  "პალიტრა TV-ს" თვითრეგულირების ორგანოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება განმცხადებლებმა არხის სააპელაციო ორგანოში გაასაჩივრეს, ხოლო განხილვის პროცესში არჩართვის გამო საჩივარი მათივე მხრიდან კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შევიდა. კომისიამ ,,რიონისა” და ,,მეგა TV “ -ს საქმისგან განსხვავებით წარმოებაში არ მიიღო განაცხადი, რაც ასე დაასაბუთა: ,,არსამთავრობო ორგანიზაციებს შპს „პალიტრა TV-ს“ საჩივრების განხილვის ორგანოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვთ მაუწყებლის სააპელაციო ორგანოში, რომლის სხდომაც შპს „პალიტრა TV-ს“ წარმომადგენლის განცხადებით მიმდინარე წლის 25-27 აპრილს გაიმართება. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „პალიტრა TV-ს“ წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარს წარმოებაში ვერ მიიღებს, ვინაიდან მხარეებს შორის დავის განხილვა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში არ არის დასრულებული.”  (წყარო: ბოლო ნახვა 18.08.2016 ) ,,მეგა TV “ -სა და „პალიტრა TV-ს“ საქმეების განხილვა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები  (რაც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა მიიჩნია ერთგვარ საქმეებზე განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღებად),,დაინტერესბული მხარის” მონაწილეობასთან დაკავშირებით შემდეგ პრეცენდენტებს ქმნის: თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტურობა, რაც მაუწყებლობის შესახებ კანონითაც არის სავალდებულოდ განსაზღვრული, გულისხმობს გამჭვირვალე პროცესს და აუცილებელს ხდის „დაინტერესებული მხარისთვის” განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემას. ამგვარი ჩართულობა სასურველია უზრუნველყოფილ იქნას მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოს პირველ ინსტანციაშივე ან/და აუცილებელია განხორციელდეს სააპელაციო განხილვისას მაინც. კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ განიხილავს თვითრეგულირების ეფექტიანობასთან დაკავშირებულ დავებს, მანამ, სანამ დავა მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში დასრულებული არ არის.

გაიგეთ მეტი

მოუწესრიგებელი სასკოლო სტადიონები - არაფორმალური საჩივარი ტელეკომპანია „ბორჯომში“

22 ივლისი 2016

ტელეკომპანია „ბორჯომის“ ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში „დღის ქრონიკა“ 2016 წლის 3 მაისს  გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით „სპორტული მოედნის რამდენიმეწლიანი პრობლემა ახალუბანში.“ სიუჟეტში საუბარი იყო ბორჯომის #4 საჯარო სკოლის საფეხბურთო მოედანზე არსებულ პრობლემებსა და მოსაწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე. მოედნით უკვე რამდენიმე წელია ვერც საჯარო სკოლის მოსწავლეები და ვერც ამ უბანში მცხოვრები ახალგაზრდები სარგებლობენ. ადგილობრივები აღნიშნავდნენ, რომ მოედანს ბოლოს რეაბილიტაცია 2012 წელს ჩაუტარდა, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, რის გამოც მალევე დაუბრუნდა ძველ მდგომარეობას. სიუჟეტში ჩაწერილი რესპონდენტები ხელმოწერების შეგროვებასა და პასუხისმგებელი პირებისათვის მის წარდგენას გეგმავდნენ. სიუჟეტში ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ ტელეკომპანია „ბორჯომმა“ აღნიშნულ მოედანსა და არსებულ პრობელმაზე მასალა 2014 წლის შემოდგომაზეც მოამზადა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ინტერვიუში ამბობს, რომ შესაძლოა პრობლემის აღმოფხვრა მათ არ ეხებათ, თუმცა მოძებნიან სახსრებს სტადიონის მოსაწესრიგებლად. ახალ სიუჟეტში ჟურნალისტმა, ადგილობრივებისა და მოსწავლეთა პრეტენზიების გარდა, ჩაწერა ბორჯომის გამგებლის მოადგილე, რომელიც ამბობდა, რომ მოედნის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 2016 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. ჟურნალისტი ასევე საუბრობს სხვა სკოლებზე, რომლებსაც სტადიონების პრობლემა აქვს. ხელისუფლების წარმომადგენელი კომენტარში ამბობს, რომ იმ მოედნების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თანხები იქნება გამოძებნილი. რესპონდენტის თქმით, საჯარო სკოლების კუთვნილი მოედნები პირდაპირ არის მიბმული განათლების სამინისტროზე და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მათი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მხოლოდ კეთილი ნებაა. სიუჟეტის ეთერში გასვლიდან, დაახლოებით, ერთ კვირაში, ტელეკომპანია „ბორჯომს“ ადგილობრივი განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი დაუკავშირდა და ჟურნალისტისა და ტელევიზიის მიმართ პრეტენზიები გამოთქვა. მისი არგუმენტების მიხედვით, ჟურნალისტი სკოლის დირექტორს უნდა დაკავშირებოდა და სიუჟეტიც ისე მომზადებულიყო, ვინაიდან მედიის წარმომადგენელს დირექციის თანხმობის გარეშე, საჯარო დაწესებულებაზე სიუჟეტის მომზადების უფლება არ ჰქონდა. მისივე არგუმენტის მიხედვით, სიუჟეტში არ ჩანდა სკოლის პოზიცია და მიიჩნევდა, რომ მოედნის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციას სკოლა გამგეობაზე უკეთ და დეტალურად გააჟღერებდა. ტელეკომპანია „ბორჯომის“ თვითრეგულირების საბჭომ რესურსცენტრის წარმომადგენელს სთხოვა, მათთვის საჩივრით მიემართა, თუმცა უარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ პრობლემის მოგვარების არაფორმალური ხერხი რეგიონულ მაუწყებლებში აპრობირებული მეთოდია. ტელეკომპანია „ბორჯომის“ დირექტორი, მარინა კუპატაძე, ინტერვიუში, რომელიც რეგიონულ მედიაში თვითრეგულირების მექანიზმთა ეფექტიანობის საკვლევად ჩატარდა ამბობს, რომ უკმაყოფილო მაყურებლები, ძირითადად, ტელეფონის საშუალებით ცდილობენ საკუთარი პრეტენზიის დაფიქსირებას. რაც შეეხებათ ჟურნალისტებს, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ მასალებში ბანლანსის დაცვას. ტელეკომპანია „ბორჯომის“ დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დაცვა ჟურნალისტებს ხელშეკრულებაში აქვთ გაწერილი. რეგიონულ მაუწყებლებში მიიჩნევენ, რომ თვითრეგულირების სისტემის არაოფიციალურიდან ოფიციალურ ფორმატში გადატანა მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამენ.  

გაიგეთ მეტი